მთავრობამ სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების გადამოწმების მორატორიუმი აპრილამდე გააგრძელა. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება 2022 წლის 1 აპრილამდე შეჩერდა.
სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური ვითარებით ხსნის.
"მოგეხსენებათ, COVID-ის პანდემიის პერიოდში "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით დამტკიცებული წესით სოციალური დაცვის მიმართულებით შემოღებული იყო სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დროებითი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში არ ხორციელდებოდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება.
მიუხედავად სარეიტინგო ქულის ოდენობისა, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს უწყვეტად უგრძელდებოდათ დახმარების გაცემა. ცვლილების შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება კვლავ არ განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ”, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში საარსებო შემწეობა 643 167 ადამიანმა მიიღო, ხოლო მათთვის გადარიცხულმა თანხამ 44 030 711 ლარი შეადგინა.




























