მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი მოთხოვნები კლინიკებს - რას ითხოვს სამედიცინო სექტორი?

6461192534295
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.23 22:23
1068
კლინიკებისთვის მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ახალი რეგულაციები შედის ძალაში. გასული წლის ნოემბერში რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები დამტკიცდა, რომლის თანახმადაც რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე დააკმაყოფილოს. სტანდარტი რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის შესაბამის პირობებს აწესებს, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება. ძალაში შედის ქირურგიის სტანდარტებიც. ჯანდაცვის ასოციაცია რეანიმაციისა და ქირურგიის ახალი სტანდარტების ძალაში შესვლა გადავადებას ითხოვს. ამ საკითხზე შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა და მას ჯანდაცვის ასოციაციის წევრი კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც გადაცემა „საქმიან დილაში“ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, სამედიცინო სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას მიესალმებიან, თუმცა გარკვეული თხოვნები უწყების მიმართ აქვთ. „ევექსის“ რაიონული კლინიკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამბროლიანი ამბობს, რომ ცვლილებების შესაბამისობაში მოყვანის პროცესით ყველაზე რთულ მდგომარეობაში რეგიონებში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებები აღმოჩნდებიან.

„სამედიცინო სფეროში ერთ-ერთი რთული მიმართულება რეანიმაცია-ქირურგიაა. ამ ცვლილებების პროცესში გარკვეული თანმიმდევრობისა და რეალობის გათვალისწინება უნდა მოხდეს. საუბარია იმაზე, რომ არსებული რეალობა გავითვალისწინოთ და ის ინფრასტრუქტურა, რომელიც 2010-2011 წლიდან იქმნებოდა უნდა ვნახოთ რა ფორმის სამედიცინო დაწესებულებები შეიქმნა. ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაწესებულებებს ან აქვთ ცვლილებების შესაძლებლობა ან არ აქვთ. ამის გათვალისწინება უნდა მოხდეს. ამასთან, უნდა მოხდეს დიფერენცირება რეგიონალური ცენტრების, რაიონული კლინიკების. არ შეიძლება ერთნაირი მოთხოვნა წაუყენო 300 და 20 საწოლიან კლინიკებს“, - განმარტავს გიორგი ამბროლიანი.

„ევექსის“ რაიონული კლინიკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ რეანიმაციის და ქირურგიის შემთხვევაში ცვლილებებთან დაკავშირებით თანამშრომლობის სურვილი და სერვისის შენარჩუნების სურვილი აქვთ და განმარტავს, რომ ინფრასტრუქტურა ორი კომპონენტისგან შედგენა - სამედიცინო აპარატურა და შენობა.

„სანებართვო პირობები, რომელიც ქირურგიის მხრივ უნდა დაკმაყოფილდეს ეს არის საწოლების გადანაწილება კვადრატულობის მიხედვით, ასევე როგორ უნდა იყოს განლაგებული და მოწყობილი შენობის მხრივ და მეორე ნაწილია რა აპარატურით უნდა იყოს აღჭურვილი. დღევანდელ პირობებში ამ მოთხოვნების შესრულება ფიზიკურად შეუძლებელია, თუმცა ჩვენ არ ვამბობთ, რომ მოთხოვნები არ უნდა დაყენდეს და ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს“, - აცხადებს ის.

ჯანდაცვის ასოციაციის პრეზიდენტი ნინო კიკნაძე კი „საქმიანი დილის“ ეთერში აცხადებს, რომ სექტორს ჯანდაცვის უწყებასთან ამ ცვლილებებზე მუშაობის გაგრძელება სურს. ის აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროსთან მუშაობა ნოემბრიდან მიმდინარეობდა და უწყებამ დარგის ბევრი წინადადება გაითვალისწინა და ბევრიც არ გაითვალისწინა.

„ცვლილებების გარეშე განვითარება ვერ მოხდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი გეგმა დავინახოთ საით მიდის ჯანდაცვის სისტემა საქართველოში, მომავალში რა ცვლილებები იგეგმება, რათა სამედიცინო დაწესებულებებმა ფუნქციონირების გააგრძელონ და იმ ცვლილებებზე მორგება შეძლონ, რომელიც დაგეგმილია, რადგან ეს ბიზნესია და მათ გრძელვადიანი ინვესტიციები აქვთ. უნდა ვიცოდეთ რამდენად შესაძლებელია ამ ცვლილებებს გაყვეს ეს სამედიცინო დაწესებულებები.

ჩვენი თხოვნა დაკავშირებულია ხშირ შემთხვევაში ინფრასტრუქტურულ ცვლილებებთან. იგივე ქირურგიული და რეანიმაციული სტანდარტების მორგება, რაც სამედიცინო დაწესებულებებისთვის არამხოლოდ ხარჯებთანაა კავშირში, არამედ იმასთან, რომ კლინიკას ვერ გააჩერებ. რეგიონებისთვის ეს ხშირ შემთხვევაში დამაზიანებელი იქნება, რადგან შენობები პატარაა და იმ სტანდარტებზე არ არის გათვლილი, რაც ამ დადგენილებითაა გაწერილი. მათ მთლიანად მოუწევთ რაღაცეების შეცვლა. ხშირ შემთხვევაში რეგიონებში თითო დაწესებულება მოქმედებს და თითო მიმწოდებელია. მათი შეჩერება სარემონტო სამუშაოებისთვის შეუძლებელი იქნება, ამიტომ ჩვენ სამინისტროსთან მუშაობის გაგრძელება გვინდა“, - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.

თუმცა ნინო კიკნაძე აცხადებს, რომ ცვლილებების პროცესში მნიშნელოვანია საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და დარგის განვითარების თანმიმდევრული ხაზის დანახვა.

„ცვლილებებზე მოსარგებად დარგს მინიმუმ ნახევარი წელი ესაჭიროება, თუმცა ყველა ცვლილება მისაღები არ არის. ცვლილება უნდა იყოს ადექვატური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რადგან შეიძლება ჯანდაცვის სამინისტროში ახალი ადამიანები მოვიდნენ, რომლებმაც შეიძლება ამ ცვლილებების თავიდან გადაწერა მოითხოვონ. რა ქნან ამ შემთხვევაში დაწესებულებებმა? - თავიდან მოაწყონ ყველაფერი?! შეიძლება საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება სამედიცინო დაწესებულებებისთვის რთული იყოს, თუმცა ძალიან მნიშნელოვანია“, - აცხადებს კიკნაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები