შუქრუთელები, 24 აგვისტოს, სოფელ ჭორვილაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას ცენტრალურ მთავრობასთან შუამდგომლობის მოთხოვნით აანონსებენ,- ამის შესახებ BM.GE-სთან შუქრუთის მკვიდრი, გიორგი ნეფარიძე აცხადებს.
აღსანიშნავია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ შუქრუთის მაღაროსთან მიმდინარე წლის 13 მარტს კარავი გაშალა და საპროტესტო აქცია დაიწყო. მათი განცხადებით, მაღაროში მიმდინარე მიწისქვეშა სამუშაოების გამო მათ სახლებს დანგრევა ემუქრება და ამის სანაცვლოდ, „ჯორჯიან მანგანეზისგან“ კომპენსაციას ითხოვდნენ.
გიორგი ნეფარიძის თქმით, აქცია სოფელ შუქრუთში დაიწყება, რის შემდეგაც მშვიდობიანი მსვლელობით, სოფელ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ გაემართებიან.
"2019 წლის შემდეგ, ეს არის რიგით მე-5 აქცია. ჩვენ უკიდურეს ფორმებსაც მივმართეთ. ამერიკის ელჩი, კელი დეგნანიც იყო ჩართული პროცესებში და შუამდგომლობას ცდილობდა ცენტრალურ მთავრობას, მოსახლეობასა და კომპანიას შორის. თუმცა, სამწუხაროდ, კომპანიასა და არსებულ პრობლემებს შორის ვერ მოვახერხეთ მედიატორის როლი სახელმწიფომ ითამაშოს. სწორედ ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სოფელ ჭორვილაში მშვიდობიანი მსვლელობით ვაპირებთ მისვლას, რათა ვთხოვოთ, რომ რაიმენაირად, მისი შუამდგომლობით ცენტრალური მთავრობის ამ პროცესებში ჩართვა მოახერხოს და თავისი ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს.
ჩვენ არ გვაინტერესებს უკანონო სასამართლოს გადაწყვეტილება. უკანონოდ „ჯორჯიან მანგანეზი“ იქცევა. ჭიათურა - საჩხერის რაიონული სასამართლოს და ადგილობრივი პროკურორები „აპრავებენ“ კომპანიის უკანონო საქმიანობას. თუმცა, არის სხვა ინსტანციებიც, მათ შორის სტრასბურგის სასამართლო. ჩვენ თავიდან ბოლომდე ყველაფრისთვის მზად ვართ და ბოლომდე მივყვებით.
ჭიათურა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ გვახვევენ კონსტიტუციას. გვინადგურებენ კერძო საკუთრებას. გვისპობენ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას და გვაქცევს ლტოლვილებად ჩვენივე სახლებში. შესაბამისად, აქ უკანონოდ იქცევა თავად კომპანია, რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ივანე ყიფიანი და ადგილობრივი პროკურორები",- აცხადებს ნეფარიძე.