სოფელ გეზრულში 6-ნომრიანი საოჯახო სასტუმრო გაიხსნა, რომელიც 14 პერსონაზეა გათვლილი და ტურისტებს რამდენიმე დასათვალიერებელ ადგილს სთავაზობს. ამის შესახებ Bm.ge-სთან სასტუმროს მფლობელმა თორნიკე შეყილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტურისტულ მომსახურებაში ძირითადი მიმართულება ჩაის ტურია, რადგან ფიქრობს, რომ საქართველოში ჩაის ტურიზმს დიდი პოტენციალი აქვს.
„გაჩნდა იდეა მემკვიდრეობით მიღებული სახლი გადაგვეკეთებინა საოჯახო სასტუმროდ, სადაც მომხმარებელს ვაცნობთ ჩაის დამზადების ტექნოლოგიებს, ქართული ჩაის კულტურას და ისტორიას. წელს, მასში დავასრულეთ და გავხსენით საოჯახო სასტუმრო. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს სასტუმროს სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა ტურისტების მიღება მაინც მოვახერხეთ, წელს კი დავასრულეთ ყველანაირი სამუშაო და გავხსენით.
სასტუმროს ძირითადი მომსახურებაა: ჩაის ტური, ასევე ტურში შედის სათავგადასავლო ტური, სოკოს ტური, გასტრო-ტური და ღვინის დეგუსტაცია ეთნოგრაფიულ მარანში. გასულ წელს ევროპელი ტურისტების 8 ჯგუფი მივიღეთ და დაინტერესება ძალიან მაღალი იყო. წელს ტურისტების გაცილებით დიდ რაოდენობას ველოდებოდით, მაგრამ ვიზიტორები წელს საგრძნობლად შემცირდა“, - განაცხადა მან.
კითხვაზე, რამ განაპირობა ევროპელი ტურისტების შემცირება? მან უპასუხა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში დიდი რაოდენობით რუსები ადამიანების შემოსვლამ, რადგან მისი მოსაზრებით, სავარაუდოდ, ევროპელ ვიზიტორს რუსეთიდან მოსულებთან შეხება არ უნდა ჰქონდეთ.
„ევროპის ქვეყნებიდან ტურისტები გვყავდა, მაგრამ წელს გაცილებით მცირე რაოდენობით. სამწუხაროდ რუსულმა ბაზარმა წაგვლეკა და წაგვიღო და ცუდად იმოქმედა ჩვენს ტურისტულ ბიზნესზე. შარშანდელთან შედარებით წელს გაცილებით ნაკლები ევროპელი ტურისტია და სასტუმროს მოხმარებამ და ჩაის ტურების გაყიდვების რაოდენობამაც მოიკლო.
ეს ადამიანები რუსი ტურისტები არ არიან, ესენი რუსები არიან. ფაქტობრივად ყველაფერი რუსებით არის გადავსებული და რუსთან შეხება ევროპელ ვიზიტორს სავარაუდოდ არ უნდა და ჩვენთან ჩამოსვლისგან თავს იკავებენ. ჩვენ კი რუსი ტურისტებთან შეხება არ გაქვს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მხოლოდ ბიზნესი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუ საკითხი სახელმწიფო დონეზე არ მოგვარდა.