მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ ლაილაშში მეწყერმა 4 სახლი დაანგრია, ევაკუირებულია 17 ოჯახი – ვითარება სტიქიის ზონაში

ლაილაში

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად 4 საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა, ხოლო 17 სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დაზიანდა. საფრთხის შემცველი ზონიდან უსაფრთხო ადგილას გაყვანილია 17 ოჯახი, დაახლოებით 35 ადამიანი.

სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. Info imereti-ს ინფორმაციით, დანგრეული ოთხი სახლიდან სამი დაკეტილი იყო, ხოლო მეოთხე სახლში მცხოვრები მოქალაქე მიწის მასის ჩამოშლის მომენტში ადგილზე არ იმყოფებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ევაკუირებული მოსახლეობის ნაწილისთვის უსაფრთხო საცხოვრებელ ფართებში ქირით განთავსება უკვე უზრუნველყოფილია. დაზარალებულებს ცაგერის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის დახმარებით პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტები გადაეცათ.

"მეწყრული ზონის მიმდებარე ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილას გაყვანილია 17 ოჯახი, დაახლოებით 35 ადამიანი. მოსახლეობის ნაწილისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო საცხოვრებელ ფართებში ქირით განთავსება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება. სპეციალისტები სწავლობენ არსებულ მდგომარეობას, აფასებენ მეწყრული პროცესებით გამოწვეულ საფრთხეებს და დეტალურად იკვლევენ მიმდებარე ტერიტორიას, მათ შორის - თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს, რათა შესაძლებელი იყოს არსებული რისკების დროული შეფასება.

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით ასევე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სხვა პასუხისმგებელი სამსახურები", - ნათქვამია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის განცხადებაში.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, პროცესი 26 ნოემბერს, ღამის საათებში, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების შედეგად განვითარდა.

"ნალექების პროვოცირებით, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში ადგილი ჰქონდა მეორადი გენერაციის ცალკეული უბნების გააქტიურებას", - აცხადებენ სააგენტოში.

სპეციალისტების განმარტებით, სოფელ ლაილაშის ტერიტორიაზე გეოლოგების მიერ წლების განმავლობაში შეფასებული იყო როგორც ინფრასტრუქტურა, ისე საკარმიდამო ნაკვეთები და გაცემული იყო რეკომენდაციები. გეოლოგთა ჯგუფი ადგილზე დილიდან იმყოფება და თითოეულ საკარმიდამო ნაკვეთსა თუ სახლს არსებული რისკების დასადგენად დეტალურად სწავლობს.

უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ადგილობრივებს შეხვდნენ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ადგილზე მობილიზებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სხვა პასუხისმგებელი სამსახურები. სტიქიის ზონასა და მის მიმდებარედ ვითარების მუდმივი მონიტორინგი გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები