საერთაშორისო დეველოპერული კომპანია NEXT-ის აღმასრულებელი დირექტორი სოფიო ჭელიძე გახდა - ინფორმაცია ამის შესახებ მან LinkedIn-ის საშუალებით თავად გაავრცელა.
NEXT-ი საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიაში და ესპანეთში უნიკალურ ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს. დღეს კომპანია მსოფლიოს სამ კონტინენტზე, ექვს ქალაქში ოპერირებს და აერთიანებს ინვესტორებს 65 ქვეყნიდან.
კომპანიის მიმდინარე პროექტებზე და სამიზნე სეგმენტზე სოფიო ჭელიძემ "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.
"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო NEXT-ის გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. მოგეხსენებათ, კომპანია სამ კონტინენტზე ახორციელებს პროექტებს. ესპანეთში გვაქვს ვილების ტიპის პროექტი, რომელსაც აქტიურად ვთავაზობთ მომხმარებელს. მიმდინარე პროექტები გვაქვს დუბაისა და კენიაში. და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
დუბაი მზარდი ბაზარია და ძალიან საინტერესო მსოფლიოში პოტენციური ინვესტორებისთვის, თუმცა მე გამოვყოფდი კენიის პროექტს, იმიტომ რომ გაცილებით უფრო მზარდია ამ ბაზრის პოტენციალი, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
მოგეხსენებათ, ჩვენს პროექტებში უცხოელი ინვესტორები ახორციელებენ კაპიტალდაბანდებებს, შემდგომში მაღალი შემოსავლების მიღების მიზნით. ეს არის მაღალმხარჯველი სეგმენტი და საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აჭარის პროექტები, ასევე თბილისის კულტურულ, ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე ახალი პროექტები, რომლებიც როგორც ქალაქს გააჯანსაღებს და წაადგება არქიტექტურული თვალსაზრისით, ისე ეკონომიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა NEXT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
სოფიო ჭელიძეს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი კერძო სექტორში გადასვლამდე თითქმის 11 წლის განმავლობაში იკავებდა გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
მანამდე კი სოფიო ჭელიძემ 15 წელზე მეტი გაატარა საბანკო და საინვესტიციო სექტორში. წლების განმავლობაში ის ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა საქართველოს სხვადასხვა წამყვან კომერციულ ბანკში.
სოფიო ჭელიძემ საერთაშორისო ეკონომიკის განხრით უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, სადაც მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. მან სწავლა ლონდონში, ევროპის ეკონომიკის სკოლაში განაგრძო, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების (Pre-MBA) სერტიფიკატი მიენიჭა. გარდა ამისა, ფლობს სერტიფიცირებული მარკეტინგის მენეჯერის კვალიფიკაციას. LinkedIn გვერდის თანახმად, ჭელიძემ კვალიფიკაცია ჰარვარდის უნივერსიტეტის დიზაინის სკოლაში (Harvard Graduate School of Design) აიმაღლა, სადაც უძრავი ქონების განვითარებისა და ხელმისაწვდომი საცხოვრისის აღმასრულებელი კურსი გაიარა.
ცნობისთვის, NEXT-ის საინვესტიციო პორტფელი მოიცავს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, რეზორტებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. პროექტები ხორციელდება ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა: Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resorts. ბრენდის მასშტაბი და კომპეტენცია აღიარებულია არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოთი, რაც ხაზს უსვამს მის წვლილს უძრავი ქონების სფეროში.




























