მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სოფლის 100 000-ლარიანი ბიუჯეტი, შეიძლება, მილიონი გახდეს... თუ ჰესები არ ავაშენეთ, უფასო ფულს არავინ გამოგვიგზავნის“

62937122cae66
ელენე გოგბერაშვილი
30.05.22 10:32
1530
„თუ საქართველომ არ აითვისა ის პოტენციალი, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია, ჩვენ არასდროს ვიქნებით დამოუკიდებელი“, - ასე პასუხობს ენერგოინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია „ენერგონის“ გენერალური დირექტორი გადაცემა #რედაქტ2-ში კითხვას, რომელიც ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებს და ჰოდროგენერაციის ობიექტების მშენებლობას ეხება.

გიორგი მირცხულავას შეფასებით, გაუგებრობა იდგა ყველა იმ მნიშვნელოვანი პროექტის უკან, რომელიც გაჩერებულია.

„მინდა, კარგად გაიგოს თითოეულმა ჩვენგანმა, რომ დამოუკიდებლობა არ ნიშნავს რომელიღაც ქვეყანაზე არ დამოკიდებულებას, დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ არავისზე დამოკიდებული არ ხარ, არ უნდა გვიხაროდეს ისიც, რომ ჩავანაცვლეთ ერთი ქვეყანა 100%-ით და გადავერთეთ მეორეზე; არა, დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ ხარ დამოუკიდებელი. შენ კარნახობ თამაშის წესებს.

რაც შეეხება დიდ პროექტებს, თითოეული ამ პროექტის უკან იყო ძალიან დიდი გაუგებრობები, ვფიქრობ, რომ იყო მართული, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ამ პროექტების შეჩერება. ენერგეტიკის დარგი რომ ავიღოთ, არის 2-3-4 პროექტი, რომელთა ღირებულება 4 მლრდ დოლარზე მეტია, დამისახელეთ დარგი ქვეყანაში, სადაც ამხელა პოტენციალია. ეს პროექტები მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია იმ რეგიონების ეკონომიკური კეთილდღეობისათვის. გადასახადის ნაწილი, განსაკუთრებით ქონების გადასახადის მიდის რეგიონებში და რეგიონი, რომელიც დაბა სოფელს 100 000 ლარის ბიუჯეტი საოცნებო აქვს, შეიძლება მილიონი ლარი გაუხდეს, ხედავთ რამხელა ცვლილებაა?

ამის მაგალითები, თუ როგორ შეცვალა ქვეყანა ასეთმა პროექტებმა ევროპაში ბევრია, იტალიას შევხედოთ, ავსტრიას შევხედოთ რამხელა გადასახადი შედის მთიან რეგიონებში და როგორ ცხოვრობენ იქ“, - აცხადებს მირცხულავა.

პრობლემის გადაწყვეტის გზას “ენერგონის“ გენერალური დირექტორი მოსახლეობასთან სწორ კომუნიკაციაში ხედავს.

"აქ ერთობლივად სახელმწიფომ, ინვესტორმა, მშენებელმა კომპანიამაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი როლი არაა, მოსახლეობასთან ერთად უნდა იმუშაონ. თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა დამოკიდებულია ამ და სხვა პროექტებზე. თუ ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ, დამიჯერეთ ჩვენ უფასო ფულს არავინ გამოგვიგზავნის და ელექტროენერგიას უფასოდ არავინ მოგვცემს.

მიკვირს როცა ამბობენ, რომ იგივე ფასი აქვს ელენერგიას თურქეთში აზერბაიჯანში და ჩვენ ბუნება გავაჩანაგოთ?! ბუნების გაჩანაგება არის უმოწყალოდ ხეების ჩეხვა. შევხედოთ ენგურჰესს, რა ბუნებაა მის გარშემო, ამიტომ მოსახლეობასთან ერთად, მწვანეებთან ერთად, ეკოლოგიური კუთხითაც შევხედოთ ამას, რადგან არგანხორციელებული პროექტები პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. ქვეყნები დიზელზე, ბენზინზე ამბობენ უარს და ჩვენ საიდან მოგვაქვს ეს წყარო? როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა?

არ ვამბობ, რომ არ იყო დაშვებული შეცდომები ინვესტორის მხრიდან, ალბათ სახელმწიფოს მხრიდან, სამშენებლო კომპანიის მხრიდან, ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან, მოსახლეობის მხრიდან..

მოსახლეობას უნდა აუხსნა. ერთ-ერთი პრობლემა იყო კომუნიკაციის პრობლემა; მეორე, როცა შეიქმნა პრობლემა, მერე ამის მიშვება. მერე ამაზე მოხდა სისტემური აწყობა, ვისაც ესმოდა, არ ესმოდა ეს თემა, ყველა ამაზე ლაპარაკობდა...

აქ დააკლო არა მოსახლემ, ვინც კითხვა დასვა, არათუ სპორტსმენმა, ექიმმა, ჩვენ დავაკელით, ვინც ამ დარგში ვართ. პირველი ბრალეულობა არის ენერგეტიკის სექტორის, სახელმწიფოსი, ადგილობრივი მთავრობის, რომ არ აუხსნეს მოსახლეობას, რა სარგებელი მოაქვს მისთვის, მისი შვილებისთვის მისი ქვეყნის მომავლისთვის ამ პროექტებს.

ვფიქრობ, გადაულახავი აქ არაფერია, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ბევრი კრიტიკული კითხვა დავსვათ, მაგრამ მართებული კითხვები და არა ემოციები, რომ სამშობლოს გვართმევენ და ა.შ., - აცხადებს გიორგი მირცხულავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები