სოფლის მეურნეობა საინვესტიციოდ დიდი მიმზიდველობით არ ხასიათდება და სექტორში ბიზნესის წარმოებას დიდი შრომა და რესურსი სჭირდება. ამის შესახებ „ჰერბიას“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
„სოფლის მეურნეობა საინვესტიციოდ დიდი მიმზიდველობით არ ხასიათდება. თუმცა მთავარი ის არის, რომ ის პროექტები, რომლებსაც სახელმწიფო აკეთებს, თუნდაც სოფლის განვითარების სააგენტოს და "აწარმოე საქართველოშის" პროგრამების სახით - ასეთი პროექტები იშვიათად არსებობს“, - განაცხადა მეწარმემ.
დარგის წარმომადგენელი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან სექტორში მოქმედი ბიზნესების მხარდაჭერის მექანიზმები კარგად მუშაობს, თუმცა მიიჩნევს, რომ საერთაშორისო დონორული ორგანიზაციების რიგი პროექტების დახურვის შემდეგ, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მექანიზმები უფრო მოცულობითი და წერტილოვანი უნდა გახდეს.
„პირადად ჩვენში პროვოცირება მოახდინა USAID-მა, ევროპულმა ინსტიტუტებმა, რომლებმაც თავისი მხარდაჭერით სოფლის მეურნეობაში შეგვიყვანეს და უკან ვეღარ გამოვედი, ინექციასავით იყო... მე მაგალითად ჩამასახლა იქ და ცხოვრება საინტერესო გაგვიხადა.
მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ შესაძლებელი იყო სახელმწიფოში ბიზნესს დღგ-ს უკან დაბრუნება, ასევე ქეშბექისა და ბანკის პროცენტის თანადაფინანსება ყოფილიყო, მაგრამ ამას ცოტა მოცულობითი ფორმულები და წერტილოვანი მიმართულება სჭირდება, იმისთვის რომ კონკრეტული კულტურები და მიმართულებები განვითარდეს, მომდევნო პერიოდში სხვა განვითარდეს და ა.შ. სახელმწიფოს მხრიდან ამ მცდელობებს კი ვხედავთ და ეს კარგია, მაგრამ იმედია უფრო ინტენსიური გახდება, რომ სოფლის მეურნეობა უფრო მეტად საინტერესო გახდეს. არადა სოფლის მეურნეობა მარტივი საქმე არ არის“, - განმარტა ზურაბ ჯანელიძემ.




























