ფერმერის დღესთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ბოლო 10 წლის განმავლობაში დარგის განვითარების ტემპსა და შედეგებზე გვამცნობს. მისი თქმით, ამ პერიოდში სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6,8 მილიარდი ლარი შეადგინა.
“ჩვენი ფერმერების, მეწარმეების, დამსახურებაა ის ფაქტი, რომ შესაძლებლობები, რომელიც აგრარული წარმოების კუთხით ჩვენს ქვეყანას აქვს, სულ უფრო მეტად არის გამოყენებული; შედეგად, გაზრდილია ქართული ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მაჩვენებლები, მეტია ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა, მუდმივად მზარდია ექსპორტი. ქვეყნის ძლიერი ეკონომიკა ჩვენი მეწარმეების და ფერმერების საქმიანობის შედეგია.
ამ შედეგის მისაღწევად და ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად, სახელმწიფოს მხრიდან უკვე ათეულ წელზე მეტია ხორციელდება ფინანსური, ტექნიკური, თანამედროვე განათლებაზე ხელმისაწვდომობის, საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშემწყობი პროგრამები. სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6,8 მილიარდი ლარი შეადგინა. საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1,9 მილიარდი ლარია”, - ამბობს ოთარ შამუგია.
მინისტრისვე თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 145%-ით გაიზარდა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებით ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა ევროპის მასშტაბით გაიზრდება.
“სახელმწიფოს მხარდაჭერის და ძლიერი ფერმერული მეურნეობების, თანამედროვე წარმოების შედეგად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 96%-ით, 4.4 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში თითქმის 145%-იანი ზრდა გვაქვს. სულ მალე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩვენ ისტორიული გადაწყვეტილების მომსწრენი ვიქნებით. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. ყველა სხვა სიკეთეებთან ერთად, ჩვენი ქართული პროდუქცია, რომელსაც ჩვენი ფერმერები ქმნიან მეტად ცნობადი და მეტად მოთხოვნადი გახდება ევროპის და არა მარტო ევროპის ბაზარზე”, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
შამუგია ფერმერთა დღეს დარგის წარმომადგენლებს ულოცავს და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერასაც ჰპირდება: “წარმატებებს გისურვებთ ფერმერებო! თქვენ ქმნით დოვლათს, რომელიც სახელმწიფოს აძლიერებს! თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ ინიცირებულია ახალი, აგროსასურსათო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები და ეს მიდგომა გვექნება სულ. სახელმწიფო იქნება თქვენი მხარდამჭერი ქართული წარმოების ზრდის და გაძლიერების საქმეში”.