სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში პოლიმერების ტესტირების ლაბორატორია შეიქმნა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილის თქმით, ლაბორატორია, შეამოწმებს პარკების დეგრადაციის ხარისხს და შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან.
„არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და შევქმენით ლაბორატორია, რომელიც შეამოწმებს პარკების დეგრადაციის ხარისხს და შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან.
პარკების მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გავეცანით მწარმოებლების საჭიროებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სექტორმა შეძლოს სტანდარტების დანერგვა და მომზადებული შეხვდეს სამომავლო სახელმწიფო კონტროლს და ინსპექტირებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პოლიმერების ტესტირების ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ხელსაწყოებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
პოლიმერული ტესტირების ლაბორატორია საქართველოში პარკების მწარმოებლებსა და იმპორტიორებს საშუალებას აძლევს, სწრაფად მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია დეგრადირებადი არის თუ არა მათი ნაწარმი. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ ლაბორატორიაში ტესტირება ჩატარდება მხოლოდ იმ პარკებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის N472 ტექნიკური რეგლამენტის წესებისა და მოთხოვნების დაცვით არის წარმოებული.