ბაქოშო, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2023, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, 10 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთრი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: აჩინებული, გემუანი, ანიგოზი, ბლუ გარდენი, ჯეო ნატურალი, National Delicacy, ოჯახური, ქვევრის ღვინის მარანი, კავკასუს ორგანიკ ფრუთსი და ფუდოლიზის პროდუქცია - ქართული კაკალი, მოცვი, სხვადასხვა სახის სუნელი, თაფლი, ჩირი, სუბლიმირებული ხილი, ორგანული წვენები და სხვა პროდუქტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძემ ქართულ სტენდზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს უმასპინძლეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოფენებზე ქართული პროდუქციის წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოპულარიზაციის მასშტაბების და, შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
„აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. სახელმწიფოს მხარდაჭერით, ჩვენი მეწარმეები და ფერმერები აქტიურად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენაში CASPIAN AGRO. მონაწილეთა უმეტესობა სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარი. ვფიქრობ, ისინი, გამოფენის ფარგლებში, კონტაქტს დაამყარებენ ახალ პარტნიორებთან და აითვისებენ ახალ ბაზრებს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
საერთაშორისო გამოფენას CASPIAN AGRO, ყოველწლიურად, 13,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 25 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 500-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს. CASPIAN AGRO 2023 17 მაისს გაიხსნა და 19 მაისს დასრულდა.