გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტელევიზიაში რუბრიკის მომზადებაზე ტენდერს აცხადებს. სატელევიზიო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 50 ათასი ლარია.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მაღალრეიტინგულ ტელეარხზე რუბრიკის მომზადება და პირდაპირ ეთერში განთავსება, რომლის მიზანი იქნება: სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული პროექტების პოპულარიზაცია, სოფლის მეურნეობის (ფერმერის საქმიანობის) პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაინტერესება და სფეროში არსებული სიახლეების გაცნობა.
რუბრიკის ფორმატი:
- ხანგრძლივობა - 10-15 წუთი;
- სიხშირე - კვირაში არანაკლებ ერთხელ (შუადღის ეთერი), ჯამურად სავარაუდოდ 11 ეთერი;
- ფორმა - წამყვანი+სტუმარი (რუბრიკა და სიუჟეტი);
- საკომუნიკაციო ენა - მარტივი და პროფესიული;
- სეგმენტი - 20-60 წლის მოქალაქეები;
რუბრიკა უნდა ასახავდეს თანამედროვე სოფლის მეურნეობის რეალობას - გამოწვევები, წარმატების ისტორიები, ახალი ტექნოლოგიები, ფერმერთა გამოცდილება, სახელმწიფო პროექტები და ბაზრის ტენდენციები. ასევე, გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები, სახელმწიფოს მხარდაჭერა, მიმდინარე პროექტები.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამინისტროს დაკვეთა მიმდინარე წლის დეკემბრამდე უნდა შეასრულოს. ტენდერი უწყებამ 1 ოქტომბერს გამოაცხადა. განაცხადის მიღება 8 ოქტომბრიდან იწყება და 10 ოქტომბერს მთავრდება.




























