მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სოფლის ნობათის“ შემთხვევა მიუთითებს, რომ პრობლემა არა შიდა წარმოებაში, არამედ იმპორტის კონტროლშია - კახა კონიაშვილი

კახა კონიაშვილი

„სოფლის ნობათის“ შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პრობლემა არა შიდა წარმოებაში, არამედ იმპორტის კონტროლშია - ამის შესახებ რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ.

„სოფლის ნობათის“ რძეში აფლატოქსინის აღმოჩენასთან დაკავშირებით ასოციაციის ხელმძღვანელმა, კახა კონიაშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ის გარემოება, რომ აფლატოქსინი აზერბაიჯანში წარმოებულ რძეში აღმოჩნდა, იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, იმპორტირებულ პროდუქციაზე კონტროლია გასამკაცრებელი.

„მინდა მოსახლეობა დავამშვიდო და სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა, რომ ის პროდუქცია, რაც დახლებზეა განთავსებული, განსაკუთრებით ქართული წარმოების, აბსოლუტურად უსაფრთხო და უვნებელია. კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში არსებობს, საკმაოდ მკაცრია და ევრო დირექტივებს მიყვება, იმიტომაც გამოვლინდა ეს შემთხვევებიც. რაც შეეხება აფლატოქსინის თემას, ის აღმოჩნდა იმ პარტიაში და იმ რძეში, რომელიც საქართველოში არ იყო ნაწარმოები. ესაა აზერბაიჯანში კომპანია „მილას“ მიერ ჩამოსხმული რძე სპეციალურად „სოფლის ნობათისთვის“ და ეს კომპანია თავისი სახელითაც ყიდის პროდუქციას ბაზარზე, როგორც რძეს, ასევე რძის სხვა პროდუქტებს. ის პროდუქცია, რომელიც საქართველოში იწარმოება და უშუალოდ ქართული ნედლეულისგანაა მიღებული, აბსოლუტურად უვნებელია იმიტომ, რომ სამმაგი სახეობის კონტროლს გადის.

ერთი - ფერმაში, როდესაც სურსათის უვნებლობა ცხოველის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და შემდეგ რძეც მოწმდება. მეორე, შიდა კონტროლის მექანიზმები, რომელიც საწარმოს გააჩნია და რძის მიღების პროცესში ვალდებულია, ყველა პარამეტრი დაიცვას. მესამე ეტაპზე ისევ სურსათის ეროვნული სააგენტო ერთვება, როდესაც უკვე მზა პროდუქციას ამოწმებს. ამ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა ეს დარღვევა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პრობლემა არა შიდა წარმოებაში, არამედ იმპორტის კონტროლშია.

იმპორტის კონტროლის შემთხვევაშიც, სადაც არსებობს სავარაუდო რისკები, რომ ამათუ იმ ქვეყნიდან შემოსულ პროდუქციაში შეიძლება რაღაც აღმოჩნდეს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი სანამ იმპორტი განხორციელდება, მიდის იმ საწარმოში, ფერმაში, ამოწმებს, სისტემა როგორც მუშაობს. მხოლოდ ამის შემდეგ რთავს ნებას კომპანიას, რომ პროდუქტის იმპორტი განხორციელდეს საქართველოში. ეს პერმანენტულად ხდება, ყველა პარტიაზე არ ხდება, რადგან მას საერთაშორისო სერტიფიკატი აქვს. მაგრამ ამ ფაქტმა აჩვენა, რომ შესაძლოა, შემოწმების პერიოდულობა და სიხშირეა გასაზრდელი ან შეიძლება უფრო გასამკაცრებელია უცხოეთში წარმოებულ პროდუქციაზე საიმპორტო ზომები“, - განაცხადა კახა კონიაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, "სოფლის ნობათის" რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა. კერძოდ, იმპორტირებული რძის ხუთ ნიმუშში, რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი, აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები