მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის ტიპის დასახლებების განვითარება, პირველადი წარმოება... - სონღულაშვილი აგროსექტორის განვითარების პრიორიტეტებს ასახელებს

სოფლის მეურნეობის მინისტრი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ დავით სონღულაშვილის განცხადებით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის დარგის მხარდასაჭერად, 3 მილიარდ ლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფაა დაგეგმილი.

საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დავით სონღულაშვილმა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც სამინისტროს განსაკუთრებული აქცენტი ექნება გაკეთებული. ესენია: სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და რეალიზაციის პროცესების გაუმჯობესება; თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, სერვისების ხელმისაწვდომობა და ახალი სასოფლო-სამეურნეო პროექტების განვითარება; ფერმერებისა და მეწარმეების ცოდნის ამაღლება და მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა; აგროდაზღვევის სისტემის გაუმჯობესება და სამელიორაციო მომსახურების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებასა და დარგის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას.

„საქართველოს სოფლის მეურნეობის შემდეგი ეტაპის განვითარება მისი პოტენციალის მიზნობრივ გამოყენებასა და საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრას ეხება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია სოფლის ტიპის დასახლებების განვითარება და სოფლის მეურნეობაში ჩართული მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობაში ბოლო 12 წლის მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ, ბოლო 12 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა. მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის დარგის მნიშვნელობასა და თანამედროვე, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების აუცილებლობაზე.

„მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, შესაბამისად, აღნიშნული მიმართულების განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. საქართველოს მთავრობამ, ბოლო 12 წლის განმავლობაში, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, რაც სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის განხორციელებით შეგვიძლია შევაფასოთ. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში 47000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა 6.5 მილიარდი ლარის შეღავათიანი სესხით, შეიქმნა 400-ზე მეტი გადამმუშავებელი საწარმო და შემნახველი ობიექტი, 7500 ერთეული ტექნიკა დაფინანსდა 120 მილიონი ლარით, „დანერგე მომავალის“ პროგრამის ფარგლებში, 360 მლნ ლარის ინვესტიციის შედეგად, 23600 ჰექტარზე გაშენდა ახალი ბაღები და ა.შ.“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები