უმსხვილესი იაპონური საინვესტიციო ჰოლდინგი ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში SoftBank-ის საინვესტიციო დეპარტამენტი $6-მილიარდიან ზარალზე გავიდა.
საფინანსო ჰოლდინგის უაღრესად იმედგამაცრუებელი შედეგები საფონდო ბირჟების დაღმასვლითა და იმ კომპანიების აქციების ვარდნითაა განპირობებული, რომელთაც SoftBank-ი ფლობს.
განსაკუთრებით ცუდ შედეგს მიმდინარე კვირას მომხდარი ერთი ფაქტი განაპირობებს. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, კომპანია WeWork-მა გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა, SoftBank-ი კი ამ კომპანიის უმსხვილესი აქციონერი იყო.
SoftBank-ის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მასაიოში სონის განცხადებით, საინვესტიციო ჰოლდინგი უახლოეს მომავალში „კონსერვატიულ და თავდაცვით“ სტრატეგიაზე გადაერთვება, რაც რისკების შემცირებას და წამგებიანი პოზიციების დახურვას გულისხმობს.
SoftBank-ი ტოკიოში 1981 წელს დაფუძნდა და ის იაპონიის მასშტაბით უმსხვილესი საფინანსო ჰოლდინგია, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 61 მილიარდ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, 2021 წელს SoftBank-ის საბაზრო ღირებულება 175 მილიარდ დოლარს აღწევდა.