მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სოკარი" პოზიციებს იმყარებს და საქართველოს მისი მოთხოვნების გათვალისწინება მოუწევს - გია არაბიძე

გია არაბიძე

“სოკარი” საქართველოში პოზიციებს იმყარებს და ენერგეტიკული რეფორმების პროცესში, საქართველოს მისი მოთხოვნების გათვალისწინება მოუწევს - ამის შესახებ BMG-სთან ენერგეტიკოსი გია არაბიძე საუბრობს.

მისი თქმით, მომავალში, როცა გაზის ბაზრის ლიბერალიზაციაზე მუშაობა გააქტიურდება, "სოკართან" მნიშვნელოვანი სამუშაო იქნება შესასრულებელი.

"სოკარი” ძალიან სერიოზულ პოზიციაშია, არა მარტო როგორც გაზის მომწოდებელი და გაზის დისტრიბუტორი. ამისა გარდა, თქვენ იცით, რომ საქართველოზე გამავალი სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის მართვიდან BP გადის და ამას მთლიანად “სოკარი” დაეპატრონა. ასე რომ, ის უკვე მონოპოლისტი ხდება საქართველოში გაზის სფეროში. ამიტომ, მასთანაც სერიოზული სამუშაოა ბევრ საკითხში. “სოკარის” მოთხოვნების, პირობების თუ სურვილების გათვალისწინება მოგვიწევს ჩვენ, რადგან მას უკვე ძალიან დიდი სეგმენტი უკავია ჩვენი გაზის ბაზარზე” - ამბობს გია არაბიძე.

მისივე თქმით, გაზის ბაზრის გახსნა და ლიბერალიზაცია გაცილებით რთული პროცესია, ვიდრე ელექტროენერგიის ბაზრის ჩამოყალიბება. როგორც ენერგეტიკოსი განმარტავს, თუ ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი ადგილზე გამომუშავდება, გაზის შემთხვევაში სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია - საქართველო სრულადაა დამოკიდებული იმპორტზე აზერბაიჯანიდან, და ნაწილობრივ, რუსეთიდან.

შესაბამისად, მისი თქმით, გაზის ბაზრის ლიბერალიზაცია რთულად მისაღწევი და გრძელვადიანი პროცესია, ხოლო აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ბევრი სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული.

“ელექტროენერგიის 80-85% საქართველოს ტერიტორიაზე გამომუშავდება და უარეს შემთხვევაში, ჩვენ ხუთი მეზობელი გვყავს, საიდანაც შეგვიძლია შემოვიტანოთ და გავიტანოთ ელექტროენერგია. ეს ძალიან კარგი სასტარტო პირობები იყო, მაგრამ თვითონაც ნახეთ, რომ ბაზარი ჯერჯერობით, სრულად ვერ გავუშვით.

რაც შეეხება გაზის სისტემას, აქ კიდევ რადიკალურად სხვა სიტუაცია გვაქვს - ორმაგი დივერსიფიკაცია ამ ეტაპზე არა გვაქვს. იმპორტიორი არის მხოლოდ ორი - რუსეთი და აზერბაიჯანი. ამ ორ შორის უნდა ვიტრიალოთ და გავაკეთოთ ბაზრის მოდელი. ის, რომ ბაზარი შესაქმნელია და გასაყოფია, ცალსახაა, მაგრამ მოხდება ალბათ, გარკვეული დროის შემდგომ, როცა უფრო ცხადი და სტაბილური გახდება ვითარება - როგორ გადანაწილდება გაზის მოწოდება რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან, როგორ დალაგდება ჩვენი ხელშეკრულება 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზზე ფასთან დაკავშირებით და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორ დაიტვირთება სამხრეთ-კავკასიური გაზსადენი. თუ სამხრეთ-კავკასიურმა გაზსადენმა მართლაც მიაღწია და ავიდა 30 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ამით ჩვენ ძალიან დიდ შეღავათს მივიღებთ და უფრო თამამად შეგვიძლია უკვე, ჩვენი ბაზრის სტრუქტურაზე ფიქრი” - ამბობს გია არაბიძე BMG-სთან.

გაზის ბაზრის ლიბერალიზაციის დაწყება კვლავ გვიანდება. საკანონმდებლო და ტექნიკური ცვლილებების დიდი ნაწილის ამოქმედება კვლავ გადავადებულია. ბაზრის ლიბერალიზაცია და ევროპულ წესებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან აქვს აღებული. ორგანიზაციის 2025 წლის იმპლემენტაციის ანგარიშში საქართველოს გაზის სექტორში არსებული მდგომარეობა ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ მიმართულებად არის შეფასებული. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს მიაღწია, ბაზრის რეალური ლიბერალიზაცია და ევროპულ წესებთან შესაბამისობა კვლავ მინიმალურ დონეზეა - გაზის სექტორის რეფორმის პროგრესი მხოლოდ 20%-ით შეფასდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები