მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოხუმის აეროპორტში პირველი ფრენა დღეს შესრულდება

სოხუმის აეროპორტი

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის აეროპორტში პირველი ფრენა დღეს, 7 თებერვალს შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, რეგულარული საჰაერო ფრენები ზაფხულში დაიწყება.

"მოველით, რომ 2025 წლის ტურისტული სეზონის წინა დღეს რეგულარულ ავიარეისებს გავხსნით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კავშირი მეზობელ აფხაზეთთან. კარგი მეზობლები ვართ და მოგეხსენებათ, რომ 2014 წლიდან სოჭის, ადლერისა და მთელი კლასტერის ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში სეზონური კურორტია. რა თქმა უნდა, კურორტის სტუმრები რამდენიმე დღით ხშირად სტუმრობენ აფხაზეთს. სტუმართმოყვარე აფხაზეთში დასვენებით მთელი რუსეთის მოსახლეობა დაინტერესებულია. ეს ყოველთვის კეთილი შეხვედრებია, აქ ყოველთვის ნაზი მზეა, თბილი ზღვაა. ამიტომ, ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, გავხადოთ სატრანსპორტო კავშირები ძალიან მოსახერხებელი", - განაცხადა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, რომან სტაროვოიტმა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატ ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე. ცნობისთვის, რომან სტაროვოიტი სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობდა.

2024 წლის 14 ნოემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელმა ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისები შესრულდა. მანამდე, ივლისში ბჟანიამ თქვა, რომ სოხუმსა და რუსეთის რამდენიმე ქალაქს შორის ფრენები 2024 წლის ბოლოდან დაიწყებოდა.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს. ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები