მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოხუმის უნივერსიტეტს აგრარული, ხოლო ზუგდიდისა და ახალციხის უნივერსიტეტებს ტურიზმის პროგრამები დაემატა - კობახიძე

გივი მიქანაძე

სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებმა აკრედიტაცია მოიპოვა, შესაბამისად, აღნიშნულ სასწავლებელში შესაბამისი პროგრამები განხორციელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ტურიზმის მიმართულების პროგრამები დაემატა ზუგდიდისა და ახალციხის უნივერსიტეტებსაც.

„სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა აკრედიტაცია, შესაბამისად, სწორედ სოხუმის უნივერსიტეტში განხორციელდება შესაბამისი პროგრამები. ჩვენი ამოცანაა, მუდმივად დაიხვეწოს შესაბამისი პროგრამები სოხუმის უნივერსიტეტში. ასევე ზუგდიდის და ახალციხის უნივერსიტეტებს ამ რეფორმის ფარგლებში დაემატა ტურიზმის პროგრამები. ესეც არის რეფორმის მნიშვნელოვანი შედეგი. მადლობა მინდა გადავუხადო განათლების მინისტრს იმისათვის, რომ წარმატებით ხორციელდება განათლების რეფორმა, რომელიც არის კომპლექსური, რთული პროცესი, თუმცა დღემდე ძალიან დიდი წარმატებით ვახორციელებთ შესაბამის რეფორმას და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებზე მხოლოდ 380 სტუდენტის მიღება შეძლო, რაც გასული წლის კვოტასთან შედარებით დაახლოებით სამჯერ ნაკლებია. მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 2025-2026 სასწავლო წელს უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების კვოტა 1027-ს შეადგენდა, თუმცა საბოლოოდ ჩაირიცხა 778 სტუდენტი.

"ქართული ოცნების" უმაღლესი განათლების რეფორმის შემდეგ, 2026-2027 სასწავლო წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებებზე შეძლო. მათ შორისაა აფხაზური ფილოლოგია, მასწავლებლის მომზადების პროგრამასთან ინტეგრირებული კომპიუტერული ტექნოლოგიები, ქიმია, გეოგრაფია, ქართული ფილოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, ისტორია, რუსული ფილოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია და სკოლამდელი განათლება.

აღსანიშნავია, რომ აგრარული მიმართულება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ახალია და შესაბამისი საბაკალავრო პროგრამები უნივერსიტეტს ამ დრომდე არ ჰქონდა.

ამასთან, უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წელს ვეღარ მიიღებს სტუდენტებს ისეთ პროგრამებზე, როგორიცაა სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერებები, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, არქეოლოგია და ბიოსამედიცინო ინჟინერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები