მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოხუმში რუსეთთან "საინვესტიციო შეთანხმების" დასამტკიცებლად ე.წ. პარლამენტი ვერ შეიკრიბა

სოხუმი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა "რუსეთ-აფხაზეთს შორის საინვესტიციო შეთანხმების" რატიფიცირებაზე ვერ იმსჯელა. მედიის ინფორმაციით, ე.წ. სესიას 35 დეპუტატიდან 21 ესწრებოდა, რის გამოც ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ ე.წ. დეპუტატებს შესთავაზა, სესია გადაიდოს. ლაშა აშუბას განცხადებით, ე.წ. დეპუტატებს, საკითხის განხილვა დიდი წნეხის ქვეშ არ სურთ.

პარალელურად, დე ფაქტო პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება. სოხუმის ცენტრალური ქუჩები პარალიზებულია. აქციის მონაწილეები ითხოვენ, სესია დღესვე ჩატარდეს და რუსეთთან შეთანხმების დოკუმენტის რატიფიცირება დღის წესრიგიდან მოიხსნას.

ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმება ითვალისწინებს, რუსი ინვესტორების 8 წლით გათავისუფლებას საბაჟო გადასახადისგან სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის იმპორტისთვის, ასევე კორპორაციული ქონების გადასახადისა და მოგების გადასახადის გადახდისგან. ამასთან, აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ვალდებულია, ამ ხელშეკრულებით დაფარული და ცალკე რეესტრში შეყვანილი ინვესტორები უზრუნველყოს ენერგეტიკული სიმძლავრეებით და კომუნალურ ქსელებთან და კომუნიკაციებთან მიერთების უპირატესი უფლებით. დოკუმენტის მიხედვით, ინვესტორს უფლება აქვს, ბანკში გირაოს სახით ჩადოს აფხაზეთის მთავრობის მიერ მიწოდებული მიწა.

შეთანხმების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს ადგილობრივ ბიზნესს, რომელიც ვერ გაუწევს კონკურენციას რუსულ ბიზნესს. მათი აზრით, შეთანხმება საფრთხეს უქმნის აფხაზეთის უსაფრთხოებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები