მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოლოლაკში $115 მლნ-იანი სასტუმრო-საკონფერენციო ცენტრის პროექტის კონცეფცია შეიძლება შეიცვალოს

620cdadb5801d
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.22 00:31
3994
სოლოლაკში მიმდინარე $115-მილიონიანი სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრის პროექტის კონცეფცია შეიძლება შეიცვალოს. ამის შესახებ BM.GE-ის ტურიზმის განვითარების ფონდში განუცხადეს.

სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრის პროექტი მასშტაბური პროექტის „პანორამა თბილისის“ ნაწილია, რომლის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა 2016 წლიდან დაიწყო. 2020 წელს კი ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რომელსაც თავად „არარენტაბელურს“ უწოდებდა, „ქართუ ფონდს“ გადასცა.

ტურიზმის განვითარების ფონდში პროექტის „პანორამა თბილისის“ შემადგენელი პროექტების - თავისუფლებაზე Luxture Collection-ის ბრენდის სასტუმროს და თაბორზე სასტუმროსა და გოლფ კლუბის განხორციელების ვადების ცვლილებაზე საუბრობენ, თუმცა სოლოლაკის ნაწილში ამბობენ, რომ პროექტი ახალი კონცეფციით სავარაუდოდ მიმდინარე წელს ჩამოყალიბდება. ფონდში პროექტის განხორციელების ვადებს ვერ აზუსტებენ.

„სოლოლაკის ქედზე არსებული პროექტის ვადები მსოფლიოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეიცვალა, რამაც საკმაოდ უარყოფითი გავლენა იქონია სასტუმრო ინდუსტრიის სფეროზე, განსაკუთრებით კი თბილისში მდებარე სასტუმროებზე. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე შესაძლოა ცვლილებები შევიდეს პროექტის კონცეფციაში“, - ამბობენ ტურიზმის განვითარების ფონდში.

კონცეფციის ცვლილების მიუხედავად, წელს სოლოლაკში მშენებლობის კუთხით მონოლითური კარკასის სამუშაოები არ შეჩერდება.

ცნობისთვის, დღემდე პროექტი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, სოლოლაკის ქედზე „მარიოტის“ საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი, 190-ნომრიანი სასტუმროსა და მასშტაბური საკონვენციო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობდა. პროექტის მიხედვით ცენტრის ფარგლებში მაღალი კლასის შეხვედრების ოთახები შესაბამისი ინფრასტრუქტურით და საკონფერენციო დარბაზები უნდა ყოფილიყო, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარბაზი 3 000 ადამიანის გამასპინძლებას შეძლებდა.

პროექტის მიზანს საქართველოში MICE ტურიზმის განვითარება წარმოადგენდა. აღნიშნული პროექტი, ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო საშუალებით თაბორის პროექტს და თავისუფლების მოედანზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფთან" დაკავშირებას მოიცავს. პროექტის სრულად დაგეგმარებას და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერი“ (Doppelmayr) უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ 34-გონდოლიან საბაგიროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები