"ქართული ოცნების" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ
პავლიაშვილი უზბეკეთში გამართულ „სამარყანდის საერთაშორისო კლიმატის ფორუმს“ დაესწრო.
უწყების ცნობით, ფორუმის მიზანს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის გაძლიერება, ფინანსური
და ტექნოლოგიური რესურსების მობილიზება და კლიმატის პოლიტიკის რეგიონული და გლობალური გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა. ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.
„საქართველო მზად არის ითანამშრომლოს როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე კლიმატის მდგრადობისა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობისთვის. სხვადასხვა პლატფორმა, მათ შორის ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა, ქმნის მნიშვნელოვან ჩარჩოს ერთობლივი მოქმედებისთვის. მხოლოდ კოორდინირებული ძალისხმევის
გზით შეგვიძლია დავძლიოთ ეს გამოწვევები, მივაღწიოთ კლიმატის ცვლილების შერბილების ამბიციურ მიზნებს და შევქმნათ მდგრადი მომავალი ახალი თაობებისთვის“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
„სამარყანდის საერთაშორისო კლიმატის ფორუმი“ უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით გაიმართა.




























