მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხეთი 1 აპრილიდან პენსიას ზრდის

სომხური დრამი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშიანიანის განცხადებით, 1-ელი აპრილიდან ქვეყნის მასშტაბით პენსია 10 000 დრამით გაიზრდება.

JEMnews-ის თანახმად, სომხეთში ამჟამად საბაზისო ხელფასი 24 000 დრამს ($64.17) შეადგენს. შესაბამისად, 24 000 დრამის საბაზისო მაჩვენებლის საფუძველზე გამოთვლილი ყველა პენსია ახლა 34 000 დრამის ბაზას გამოიყენებს.

როგორც მან აღნიშნა, მათ, ვისაც ამ დრომდე დაბალი პენსია აქვთ, ის უფრო მეტად გაეზრდებათ, ვიდრე მათ, ვისი პენსიაც უკვე შედარებით მაღალია.

"შედარებით დაბალი პენსიები 10 000 დრამით გაიზრდება, ხოლო მაღალი პენსიები - უფრო მცირე ოდენობით. ეს გათვლები არ ითვალისწინებს უნაღდო ანგარიშსწორებისას მიღებულ ქეშბექს, რაც იმას ნიშნავს, რომ პენსიის რეალური ზრდა ჩემ მიერ დასახელებულ მაჩვენებლებზე მაღალი იქნება. ქეშბექი ცალკე იანგარიშება და ამაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, სომხეთში პენსიისა და სოციალური დახმარების მიმღებთათვის, "ქეშბექის პროგრამა" მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც ადამიანები, რომლებიც უნაღდო ანგარიშსწორებას განახორციელებენ, ბანკის ბარათზე გადახდილი თანხის 20%-ს იბრუნებენ, თვეში მაქსიმუმ 10 000 დრამს.

პრემიერ-მინისტრმა განმარტა, თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება.

"მოგეხსენებათ, 2025 წელს სომხეთის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე მაღალი იყო და მან საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებსაც გადააჭარბა. ეს ჩვენთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის და სომხეთის მოქალაქეებმა ამ ზრდის შედეგი საკუთარ ცხოვრებაზე უნდა იგრძნონ", - აღნიშნა პრემიერმა.

სომხეთის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, გასულ წელს ქვეყნის სომხეთის ეკონომიკური ზრდა 7.2%, ხოლო ინფლაცია 3.3% იყო. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით კი ეკონომიკური ზრდა 5.4%-ზეა პროგნოზირებული.

თავის მხრივ, შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ ქეშბექის სისტემა პენსიონერებს საშუალებას აძლევს, გაზრდილ თანხასთან ერთად, დამატებით თვეში 10 000 დრამი მიიღონ.

მოგვიანებით ქვეყნის შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრმა დაადასტურა, რომ პენსია და შემწეობა 10 000 დრამით სომხეთის 600 000 მოქალაქეს გაეზრდება.

ცნობისთვის, 10 000 დრამი დაახლოებით 27 ამერიკული დოლარის ეკვივალენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები