NVIDIA-სთან პარტნიორობის შემდეგ, სომხეთის AI ინფრასტრუქტურის განვითარებაში Dell Technologies ერთვება. სომხურმა AI კომპანია Firebird-მა ქალაქ ჰრაზდანში მონაცემთა ცენტრის მომდევნო ეტაპის მოსაწყობად ტექნოლოგიურ პარტნიორად სწორედ Dell-ი შეარჩია.
პროექტის მიზანი გამოთვლითი სიმძლავრეების გაზრდაა როგორც ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლების, ისე მათი გაშვების პროცესებისთვის, რაც გლობალურ ბაზარზე მოქმედ მსხვილ კორპორაციებს მოემსახურება.
პროექტის პირველი ფაზა - 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მოდული, რომელიც ჰრაზდანში მდებარეობს - უკვე სრულად ფუნქციონირებს. ობიექტი თხევადი გაგრილების მქონე 6,144 NVIDIA Blackwell GPU-ით არის აღჭურვილი, რომლებიც უშუალოდ Dell PowerRack სისტემებსა და Dell PowerEdge სერვერებზეა განთავსებული.
შედეგად, NVIDIA-ს ჩიპებისა და Dell-ის სერვერული ინფრასტრუქტურის სინთეზით რეგიონში მძლავრი გამოთვლითი კლასტერი შეიქმნა, რომლითაც უკვე სარგებლობენ მკვლევრები და ტექნოლოგიური კომპანიები ისეთ დარგებში, როგორიც ბიოტექნოლოგია და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ავტონომიური სისტემები, რობოტოტექნიკა და კოსმოსური ტექნოლოგიებია.
ორმხრივ თანამშრომლობას სოციალურ ქსელში Dell Technologies-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ დელი გამოეხმაურა:
"სომხეთი ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გლობალური ჰაბი ხდება. მოხარულები ვართ, რომ ვაფართოებთ პარტნიორობას Firebird AI-სთან და სომხეთში უფრო მეტი სიმძლავრე და მსოფლიო დონის გამოთვლითი ინფრასტრუქტურა შეგვაქვს.
ეს თანამშრომლობა შექმნის ახალ შესაძლებლობებს AI ინოვაციებისთვის, ტექნოლოგიური პროგრესისთვის და სომხეთის, როგორც გლობალური ტექნოლოგიური ცენტრის პოზიციას გააძლიერებს", - განაცხადა მაიკლ დელმა.
Dell Technologies-ის ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის პრეზიდენტმა მოჰამედ ამინმა აღნიშნა, რომ პარტნიორობის საწყისმა ეტაპმა უკვე შექმნა მყარი საფუძველი მომდევნო, გაცილებით მასშტაბური ფაზისთვის.
ერევანში გამართულ ტექნოლოგიურ ფორუმზე DigiTec Firebird-ის თანადამფუძნებელმა ალექსანდრე ესაიანმა კომპანიის სტრატეგიული სამიზნეები წარადგინა. გეგმის მიხედვით:
- 2027 წლის ბოლოსთვის ჰრაზდანის ობიექტის სიმძლავრე 300 მეგავატს (MW), ხოლო განთავსებული NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორების რაოდენობა 70,000 ერთეულს გადააჭარბებს.
- აღნიშნული მაჩვენებლით სომხეთი ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი სიმძლავრის მიხედვით მსოფლიოს წამყვან 10 ქვეყანას შორის დაიკავებს ადგილს.
"ჩვენ ვხედავთ უდიდეს შესაძლებლობას განვითარებადი ბაზრებისთვის, რათა მათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ ხელოვნურ ინტელექტზე არსებული გლობალური მოთხოვნის დაკმაყოფილებაში",- განაცხადა Firebird-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რაზმიგ ჰოვაგიმიანმა.
























