მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი და საქართველო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის განახლებაზე შეთანხმდნენ - სომხური მხარე

სომხეთი

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვაან კოსტანიანის განცხადებით, სომხეთი და საქართველო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის განახლებაზე შეთანხმდნენ.

BMG-ის სომხეთის ბიურო მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით წერს, რომ პროცესი, რომელიც 30 წლის განმავლობაში გრძელდება, უნდა დასრულდეს, რადგან მხარეებმა მისი განახლების მზაობა გამოთქვეს.

ვაან კოსტანიანი განმარტავს, რომ ქვეყნებმა დელიმიტაციის კომისიის შემადგენლობა განაახლეს, თუმცა ფაქტობრივი შეხვედრა ჯერ არ შემდგარა, რადგან ორივე ქვეყანა მოსამზადებელ სამუშაოებს აგრძელებს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა მალე შედგება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვრის დელიმიტაციის ლოგიკა 1991 წლის ალმათის დეკლარაციის შესაბამისად შედის ძალაში. გარდა ამისა, ვაან კოსტანიანი ამბობს, რომ მხარეები ერთობლივ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, პოლიტიკური ურთიერთქმედების გაღრმავებისა და ქვეყნების მოქალაქეების კავშირის აქტივიზაციისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მარტში BMG-ის სომხეთის ბიურო წერდა, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხი საქართველოს პრემიერის სომხეთში ვიზიტისას განიხილეს. საუბარია ქვეყნებს შორის არსებული 224 კმ-ის სიგრძის საზღვარზე და ეს პროცესი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიმდინარეობს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, BM.GE-მ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები