სომხეთს, ირანსა და ინდოეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იგეგმება, რომლის მიზანსაც ახალი სავაჭრო მარშრუტის შექმნა წარმოადგენს. ამის შესახებ BMG-ის ერევნის ბიურო სომხურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც ცნობილია, პოტენციური მარშრუტი ინდოეთის ქალაქ მუმბაის პორტიდან, ირანის ჩაბაჰარის პორტის და სომხეთის გავლით, საქართველოს გაივლის და ინდოეთიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ევროკავშირის და რუსეთის ბაზრებზე გასვლის ალტერნატიულ შესაძლებლობას შექმნის. როგორც სომხური მედია წერს, სომხეთი გახდება წამყვანი სატრანზიტო ჰაბი ამ სქემის მიხედვით, რომელიც აზიას ევროპასთან საქართველოს პორტების საშუალებით დააკავშირებს.
როგორც დაგეგმილია, შესაბამისი შეხვედრა ირანში გაიმართება, სადაც სამივე ქვეყნის წარმომადგენლები ერთად გაეცნობიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტის - ჩაბაჰარის ინფრასტრუქტურას. სომხური წყაროების ცნობით, ახალი მარშრუტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს სომხეთის სავაჭრო პოტენციალს, ვინაიდან ის ქვეყანას ინდოეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე სტაბილურ წვდომას მისცემს.
ცნობისთვის, როგორც ადრე BMG-ის სომხეთის ბიურო წერდა, ინდოეთმა გააფორმა 10-წლიანი კონტრაქტი ირანთან, რაც ირანული პორტის, ჩაბაჰარის განვითარებას ითვალისწინებს, სადაც სომხეთი საოპერაციო პუნქტის გახსნას მოიაზრებს. ინდოეთსა და ირანს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ინდოეთი ჩაბაჰარის პორტს მომდევნო 10 წლის მანძილზე მართავს.