სომხეთის მთავრობა საქართველოსკენ მომავალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად გერმანიის განვითარების ბანკისგან (KfW) 120 მლნ ევროს სესხს და 15 მილიონი ევროს მოცულობის გრანტს მიიზიდავს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, სომხეთის მთავრობამ 12 მარტს დაამტკიცა წინადადება გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (KfW) გრანტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე პროგრამით „კავკასიური ენერგეტიკული ქსელი, ფაზა II“ და სასესხო შეთანხმებაზე ევროკავშირის პროგრამით „კავკასიური ენერგეტიკული ქსელი, ფაზა IV“. დოკუმენტები ითვალისწინებს დამატებით 120 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო სახსრებისა და 15 მილიონი ევროს საგრანტო რესურსების მოზიდვას.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ბანკთან პირველი საკრედიტო შეთანხმებები 2014–2015 წლებში გაფორმდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ გასული წლის ბოლოს დაიწყო. მანამდე, პროექტის განსახორციელებლად ხელი მოეწერა დაახლოებით 178 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტებს და მოზიდულ იქნა 10 მილიონი ევროს გრანტი. ამრიგად, მოზიდული დაფინანსების საერთო მოცულობა 188,75 მილიონ ევროს შეადგენს, მაშინ როცა პროექტის მთლიანი ღირებულება 542,75 მილიონი ევროა. 15 მილიონიანი გრანტი დაფინანსების დეფიციტის მხოლოდ მცირე ნაწილს დაფარავს.
პროექტი ითვალისწინებს 400 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას სომხეთის ცენტრალური ნაწილიდან — გეღარქუნიქის პროვინციის სოფელ დდმაშენიდან — საქართველოს საზღვრამდე. კიდევ ერთი, იმავე ძაბვის ხაზის აშენება იგეგმება ირანის საზღვრიდან დდმაშენამდე. შედეგად, ელექტროენერგიის ვაჭრობისა და ტრანზიტისთვის ენერგეტიკული დერეფნის ირანი – სომხეთი – საქართველო ფორმირება იგეგმება.
ვინაიდან სომხეთისა და საქართველოს ენერგოსისტემები სხვადასხვა რეჟიმში ფუნქციონირებს, მათ დასაკავშირებლად ქვესადგურის მშენებლობაა გათვალისწინებული, რომელიც 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს მაღალი ძაბვის ქსელს უნდა შეუერთდეს.
ამ დროისთვის, გათვალისწინებული სამი ობიექტიდან მშენებლობა მხოლოდ დდმაშენსა და აირუმს შორის არსებულ ელექტროგადამცემ ხაზზე დაიწყო. მისი მშენებლობის დაახლოებით 70 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტი ინდურმა კომპანიამ KEC International Limited მოიგო, რომელმაც სამუშაოები უკვე დაიწყო.




























