მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სომხეთის ბაზარმა მოლოდინებს გადააჭარბა“ - როგორც ვითარდება Phubber-ი რეგიონში?

ფაბერი

ქართული ონლაინ მოდის პლატფორმა Phubber-ი ამ დროისთვის ორ ბაზარზე - სომხეთსა და საქართველოზეა ფოკუსირებული. ამის შესახებ სტარტაპის თანადამფუძნებელმა, ანანო დოლაბერიძემ BM.GE-სთან განაცხადა.

როგორც ანანო დოლაბერიძე აღნიშნავს, სომხეთის ბაზარზე, სადაც Phubber-ი 2023 წლის მაისიდანაა წარმოდგენილი, შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. მისი თქმით, Phubber-ს საქართველოში, ისევე როგორც სომხეთში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და მთავარ აქცენტს მისი სრულად ათვისება წარმოადგენს.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, სადაც Phubber-ი ასევე გასულ წელს გაეშვა, ანანო დოლაბერიძის თქმით, ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარი ლოგისტიკურ მოქნილობას აფერხებს.

„სომხეთის ბაზარმა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა. იმდენად კარგი შედეგები დაიდო, რომ გვინდა კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. ის წარმატება, რაც საქართველოში დავდეთ, შეგვიძლია სომხეთის ბაზარზეც მივიღოთ. იმდენად გამართულია საოპერაციო საკითხი, ბათუმიდან თბილისში უფრო გვიან ჩამოდის ნივთი, ვიდრე ერევნიდან. ახლა სრულად ვართ კონცენტრირებულები საქართველოს და სომხეთის ბაზრებზე, რადგან ეს ამ მომენტისთვის ლოგისტიკურად ყველაზე გამართლებულია.

მოგეხსენებათ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილი რჩება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ამ ორი ბაზრის ზრდა-განვითარებაზე გვქონდეს სრული ფოკუსი და ამის შემდეგ ვგეგმავთ უკვე, რომ დანარჩენი ბაზრები განვავითაროთ“, - აღნიშნა ანანო დოლაბერიძემ.

ყაზახეთი და უზბეკეთი ის ორი ახალი ბაზარია, სადაც Phubber-ი უკრაინის, სომხეთის და აზერბაიჯანის შემდეგ აპირებს ექსპანსიას. როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი ამბობს, ახალ ბაზრებზე გასასვლელად ფაქტობრივად ყველაფერი მზადაა და აპლიკაცია მას შემდეგ ჩაეშვება, რაც Phubber-ი უკვე არსებულ ბაზრებზე მიაღწევს სასურველ შედეგებს.

„მთავარი სამუშაო ტექნიკური მიმართულებით, რომ მარტივად გაეშვას აპლიკაცია, უკვე შესრულებულია და შესაბამისად, მაქსიმუმ 2 თვე შეიძლება დასჭირდეს აპლიკაციაში ახალი ქვეყნის ჩაშენებას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს და სომხეთის ბაზრებზე საკმაოდ დიდ პოტენციალს ვხედავთ, ამ ორ ბაზარზე ვართ ფოკუსირებული და როდესაც სასურველ მოცემულობამდე მივალთ, შემდეგ ვიფიქრებთ ახალ ბაზრებზე“,- თქვა ანანო დოლაბერიძემ.

ცნობისთვის, Phubber-ონლაინ მოდის პლატფორმაა, რომელიც ტანსაცმლის, აქსესუარებისა და თავის მოვლის საშუალებების მყიდველებს და გამყიდველებს აერთიანებს. ის 15 000 დოლარის ინვესტიციით, ბიზნესპარტნიორებმა: ანანო დოლაბერიძემ და გიორგი ჩუგოშვილმა 2019 წელს დააფუძნეს. აპლიკაციას 270 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები