სომხეთის ეკონომიკის მინისტრ გევორქ პაპოიანის თქმით, ის საქართველოს საზღვარზე სომეხი მძღოლების გაჩერების პრობლემურ საკითხზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს სომხეთში ვიზიტისას ესაუბრა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომის შემდეგ Factor.am-ს ეკონომიკის მინისტრმა გევორქ პაპოიანმა განუცხადა.
სომხეთის მთავრობისთვის გაუგებარია, რატომ აჩერებს ქართული მხარე რუსეთიდან საქართველოში შესულ სომეხ მძღოლებს. პაპოიანის თქმით, მარიამ ქვრივიშვილი საკითხის გარკვევას დაჰპირდა, თუმცა პასუხით არ დაბრუნებიათ.
„ჩვენთვისაც ეს ვითარება გაუგებარია [სომეხი გადამზიდავების საქართველოში 2-კვირიანი გაჩერების ფაქტები]. რამდენიმე დღის წინ სომხეთში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იმყოფებოდა. მან აღნიშნა, რომ ეს მათ უწყებასთან არ არის კავშირში და დაკავშირებულია საქართველოს ფინანსურ პოლიციასთან, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ექვემდებარება. ქართული მხარის თქმით, ფინანსური პოლიცია გარკვეულ პრობლემებს ხედავს ზოგიერთ საქონელთან დაკავშირებით. მე ვთხოვე განმარტება, თუ რა რისკებზეა საუბარი. ამ დრომდე არ მიგვიღია პასუხი იმაზე, თუ რა დააშავეს ჩვენმა მძღოლებმა“, — განაცხადა მინისტრმა.
სომხური გამოცემა წერს, რომ ერთი კვირაა, რაც სომეხი მძღოლები, რომლებსაც ტვირთები საქართველოს ტერიტორიის გავლით გადააქვთ, აცხადებენ, რომ რუსეთიდან საქართველოში შესვლის შემდეგ, ქართველი მესაზღვრეები გაუგებარი მიზეზებით მათ გადაადგილებას აფერხებენ. ძირითადად, გზის გაგრძელების უფლებას არ აძლევენ მათ, ვისაც სამშენებლო მასალები შემოაქვს.




























