ჩვენი ეკონომიკა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება იმაზე სწრაფად, ვიდრე მისი პოტენციალია, - ამის შესახებ სომხეთის ფინანსთა მინისტრმა, ვაჰე ჰოვანნისიანმა BMG-ის ერევნის ბიუროსთან ინტერვიუში აღნიშნა.
2024 წლის პირველ კვარტალში, სომხეთის ეკონომიკური აქტივობა 14%-ზე მეტით გაიზარდა თუ მას გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს შევადარებთ. BMG-ის კითხვაზე - არის თუ არა ეს ზრდა იმაზე სწრაფი, ვიდრე ამის ნამდვილი პოტენციალია, სომხეთის ფინანსთა უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა:
"კარგი ამბავი აქ ისაა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, თავად პოტენციალიც გაიზარდა. როცა ვსაუბრობთ პირველ კვარტალზე, პირველ რიგში, საჭიროა იმის აღნიშვნა, რომ მშპ-ს ზრდა დაახლოებით 9%-ია. თუმცა, ეს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემია. ჩვენი მოლოდინით ზრდა დაახლოებით 7.5% იქნება. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ გასაფილტრია ყველა შემოდინება, რათა კარგად გავაანალიზოთ, რა ხდება ჩვენს ეკონომიკაში".
ვაჰე ჰოვანნისიანის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთის ეკონომიკა მცირე ზომისაა, მასზე გარე ფაქტორების ზემოქმედება დიდია. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამიტომ ქვეყანა ეკონომიკის დივერსიფიცირებას ცდილობს.
"ვინაიდან ჩვენ გარე ეკონომიკებზე ვართ დამოკიდებული, მათი დივერსიფიცირებაც უნდა შევძლოთ, რათა შევამციროთ მხოლოდ ერთი ქვეყნის ეკონომიკაზე დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ნაწილი ვართ და ჩვენი ვაჭრობის უმრავლესობა ბუნებრივად სწორედ ამ კავშირის წევრ ქვეყნებთანაა. თუმცა, თუ ჩვენ გვინდა გრძელ ვადაში სტაბილური ზრდა და ნებისმიერი ტურბულენტობის თავიდან არიდება, რაც გარე ფაქტორების ცვლილებით იქნება გამოწვეული, უნდა გავზარდოთ ჩვენი ბიზნესების პროდუქტიულობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა", - განაცხადა მან.
ცნობისთვის, მინისტრის თქმით, წელს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის 7%-იან ზრდას ელოდება.