სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის დეპარტამენტი გაიხსნება - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
Armenpress-ის ცნობით, ევროინტეგრაციის დეპარტამენტი ევროპის დეპარტამენტს გამოეყოფა და დამოუკიდებელ ქვედანაყოფად შეიქმნება.
"სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნება ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტი - სამინისტროს მთავარი პროფესიული სტრუქტურული ქვედანაყოფი - ევროპის დეპარტამენტისგან გამოყოფით", - წერს მედია.
ცნობისთვის, გასული წლის მარტში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განცხადების შეტანა შეუძლია, თუ ის ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. 2024 წლის სექტემბერშივე, სომხეთში გამოიცა პეტიცია, რომელიც ქვეყნის EU-ში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვდა და 50 000 ხელმოწერა დააგროვა.
2025 წლის 26 მარტს კი სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ კანონი მიიღო.




























