ერევნის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანს წინასწარი პატიმრობის ვადა 3 თვით გაუხანგრძლივა.
აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე წარუკიანის გათავისუფლებას ან აღკვეთის ღონისძიების ნაკლებად მკაცრი ზომით შეცვლას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა არ გაიზიარა.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ბიზნესმენს 2022-2024 წლებში მსხვილი თაღლითური სქემისა და ფულის გათეთრების ორგანიზებაში ედება ბრალი.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, წარუკიანის დავალებით მოქმედი პირები ირანის მოქალაქეებთან სავაჭრო კავშირების დამყარებასა და ერთობლივი საწარმოების შექმნაზე შეთანხმდნენ, რის შედეგადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მითვისება მოხდა.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერ გაგიკ წარუკიანს ოფიციალურად ბრალი მიმდინარე წლის 9 ივნისს წარუდგინეს. მისთვის ბრალის წარდგენა არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ მოხდა, მაშინ, როცა მისი პარტია კვლავ ხმების ხელახალი დათვლის შედეგებს ელოდა. თუმცა გაგიკ ცარუკიანის პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ 4%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო და ხმათა 3,893% მიიღო. წარუკიანი 7 ივლისს დააკავეს.
























