სომხეთის საზღვრის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოცხადდა.
კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75+050-კმ84+150 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების, მდინარე ხევისწყალზე სახიდე გადასასვლელის მოწყობის (მისასვლელი გზებით) დარჩენილი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 10 აპრილს გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 511 545 ლარს შეადგენს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 30 აპრილს დაიწყება და 5 მაისს დასრულდება.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გამარჯვებულ კომპანიას ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასასრულებლად მიეცემა 14-თვიანი ვადა, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან წერილობითი დავალების მიღებიდან აითვლება.