მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 21.5%-ით შემცირდა

სომხეთი

2026 წლის იანვარ-მაისში სომხეთსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის სტატისტიკის კომიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2.196 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-მაისში ეს მაჩვენებელი 2.763 მილიარდ დოლარს აღწევდა.

სავაჭრო მოცულობის კლებასთან ერთად, შემცირდა რუსეთის წილიც სომხეთის მთლიან სავაჭრო სტრუქტურაში: თუ გასულ წელს ის 35.1%-ს შეადგენდა, წელს ეს მაჩვენებელი 28%-მდე ჩამოვიდა.

ამ ფონზე, 36.7%-დან 29.8%-მდე შემცირდა სომხეთის სავაჭრო ბრუნვის წილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთანაც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უშუალოდ კავშირის სხვა წევრებთან სომხეთის ვაჭრობა გაზარდა:

  • ბელარუსთან - 8.3%-ით;
  • ყაზახეთთან - 10%-ით;
  • ყირგიზეთთან - 194.8%-ით.

რაც შეეხება სომხეთის მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვას, სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, მან 7.865 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც თითქმის უცვლელია (0.1%-ით ნაკლები) გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით (7.870 მლრდ დოლარი).

რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებით ვაჭრობას, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველო-სომხეთის სავაჭრო ბრუნვა 49.4%-ით გაიზარდა და 421.5 მლნ დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო სალდო დადებითია (ექსპორტი აღემატება იმპორტს), წამყვანი დინამიკა იმპორტის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. კერძოდ, სომხეთიდან იმპორტი 98.5%-ით, თითქმის ორჯერ გაიზარდა და 166.1 მლნ დოლარს მიაღწია, რის გამოც სომხეთმა საქართველოს უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორის მე-9 ადგილი დაიკავა (2.3%-იანი წილით).

ცნობისთვის, გასულ თვეს რუსეთმა სომხეთიდან ბოსტნეულისა და ხილის, კურკოვანი ნაყოფისა და ყურძნის, ასევე, თევზის თესლოვანი კულტურებისა და ჩირის შეტანა აკრძალა. შეზღუდვა გავრცელდება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ სახელმწიფოებში ამ პროდუქტების ტრანზიტზეც.

ამას წინ უძღოდა 2025 წელს სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონის მიღება. მაშინ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთდროული წევრობა შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა ერევანი საკუთარ დღის წესრიგს ორივე კავშირს მანამდე შეუსაბამებს, სანამ ეს შესაძლებელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები