Team Telecom Armenia-ს გენდირექტორის განცხადებით, სომხეთში Nvidia-ს $500 მილიონიანი AI-ის ქარხანა დაინტერესებულ მხარეებს სერვისებს 6-8 თვეში შესთავაზებს.
Nvidia-სა და Dell-ის პროექტის ფარგლებში სომხეთში $500 მლნ-იანი AI-დატა ცენტრის მასშტაბური პროექტის შექმნასა და პერსპექტივებზე Team Telecom Armenia-ს გენდირექტორმა აიკ ესაიანმა სომხურ მედიასთან ისაუბრა.
„ეს ცენტრი უნიკალური იქნება არამხოლოდ სომხეთისთვის, არამედ რეგიონისთვის. მშენებლობა ძალიან მალე დაიწყება. დანადგარების შემოტანა უკვე დაიწყო, ახლა ცენტრის საბოლოო ადგილმდებარეობის განსაზღვრა ხდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 6-8 თვეში, ცენტრი პროდუქტიული მომსახურების შესთავაზებს შეძლებს“, - განაცხადა ესაიანმა.
ცენტრზე საუბრისას მან მძლავრი სუპერკომპიუტერების ჯგუფის ანალოგი მოიყვანა, რომლებიც ერთ ადგილას არის კონცენტრირებული და რთული მათემატიკური და ალგორითმული ამოცანების გადაჭრა შეუძლიათ. ამ რესურსის მარტო გამოყენება შეუძლებელია, მისი გამოყენება რამდენიმე ადამიანს ან როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომპანიას შეუძლია. დატა-ცენტრის შესაძლებლობების გამოყენება კომპანიებს რეგიონში უფრო ხარისხიანი სერვისის შეთავაზების შესაძლებლობას მისცემს“ - განაცხადა Team Telecom Armenia-ს გენდირექტორმა და დასძინა, რომ საუბარია კოლოსალური რესურსების გამოყენებაზე, რადგან ცენტრი სომხეთის ელექტროენერგიის საერთო მოხმარების 2.5-3%-ს გამოიყენებს.
აიკ ესაიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ AI-დატა ცენტრის ამოქმედება ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყობს ხელს და მას ენერგეტიკასა და ზოგადად ეკონომიკაზე მულტიპლიკატორული ეფექტი ექნება.
„IT სექტორისთვის ეს ძალიან კარგი ინსტრუმენტია. სამწუხაროდ, ჩვენი IT კომპანიები ასეთი მოცულობითი რესურსების ასათვისებლად მზად არ არიან, თუმცა დატა-ცენტრის ფუნქციონირება ჩვენს საზოგადოებას უცხოური კომპანიებისთვის უფრო შესამჩნევს გახდის“, - განაცხადა ესაიანმა.
მისი ინფორმაციით, კომპანია Team-ის პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე პირველხარისხოვან როლს თამაშობს. ის ყველა ტექნოლოგიურ და ტელესაკომუნიკაციო გადაწყვეტილებებს იღებს და სომხეთის ტერიტორიაზე შემდგომ მომსახურებასაც უწევს.
„დანადგარები Nvidia-სგან იქნება შესყიდული, რომელიც მსოფლიოში ამ ტექნიკის ტოპ-მწარმოებელია. შეიქმნა კომპანია Firebird, რომელიც დატა-ცენტრის მფლობელი იქნება. სხვა მონაწილეებს შორისაა ასევე Dell“, - აღნიშნა მან და პროექტის განხორციელებაში სომხეთის ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
სომხეთის მთავრობამ ქვეყნის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ტექნოლოგიური პროექტი წამოიწყო, რაც ხელოვნური ინტელექტის ქარხნის მშენებლობას უკავშირდება, რომლის საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონ დოლარს აჭარბებს.
პროექტში პარტნიორებად ერთვებიან: სომხეთის მთავრობა, პლანეტის უმსხვილესი AI-კომპანია - NVIDIA, საინვესტიციო ჰოლდინგი Firebird-ი და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მიმწოდებელი Team Group-ი.
პროექტის საფუძველს ახალი თაობის AI-ქარხნის გახსნა წარმოადგენს, რომელიც აღიჭურვება ათასობით NVIDIA Blackwell GPU-ით, რაც სომხეთში პირველ მაღალი სიმძლავრის მონაცემთა ცენტრს შექმნის, რომლის ელექტრო სიმძლავრე 100 მეგავატს გადააჭარბებს.
ამ პროექტის წყალობით, სომხეთი კავკასიის რეგიონში უდიდეს AI-ცენტრს მიიღებს, რომელსაც პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის მხარდაჭერა ექნება, რაც საერთაშორისო ინვესტორებისათვის განსაკუთრებით პოზიტიურ სიგნალს წარმოადგენს.




























