GGRC სომხეთში, კერძოდ, ერევანში კვერცხუჯრედისა და სპერმის ბანკის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ bm.ge-სთან GGRC-ის დამფუძნებელმა ნინო მუსერიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბიოლოგიური მასალის დონორთა ბანკის შექმნას სომეხ და ისრაელელ პარტნიორებთან ერთად გეგმავენ.
“უკვე შევთანხმდით ისრაელელ პარტნიორებთან, მათთვის ეს მიმართულება საინტერესოა. ამ თვალსაზრისით ბიზნესგეგმას ვამთავრებთ, რათა განისაზღვროს რამხელა უნდა იყოს, როგორი დაცული, რა მასალისგან გაკეთებული და ა.შ. შემდეგ ამ ყველაფერს პროექტირება დასჭირდება და ჩამოვყალიბდებით, როდის გავხსნით და როდის გავაკეთებთ”, - აღნიშნა ნინო მუსერიძემ bm.ge-სთან ინტერვიუში.
GGRC-ის დირექტორის თქმით, ჯერჯერობით ინვესტიციის მოცულობაზე ვერ ისაუბრებს, მაგრამ ცნობილია, რომ ბანკი ერევანში იმ კლინიკის ტერიტორიაზე შეიქმნება, სადაც დაახლოებით ორი წლის წინ GGRC-მ რეპროდუქციული კლინიკა აამოქმედა. ხოლო თანაინვესტორები ისრაელელი პარტნიორები იქნებიან.
“ზუსტად ფინანსურად არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ დონაციას აქვს მომავალი და მინდა, რომ ეს სფერო განვითარდეს გაცილებით უკეთესად”, - დასძინა მუსერიძემ.
ცნობისთვის, ქართულ-გერმანულმა რეპროდუქციულმა ცენტრმა GGRC-მა სომხეთში წარმომადგენლობა 2024 წელს გახსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც საქართველოს მთავრობამ უცხოელებისთვის სუროგაციის აკრძალვაზე დაიწყო საუბარი.
“ჩვენ ვართ ბეგლარიანის კლინიკის ბაზაზე. ეს ერთ-ერთი პირველი სამშობიაროა, რომელიც იყო სომხეთში, აქ არის სამშობიაროც, ზოგადი პროფილის კლინიკაც და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტურად ყველა სერვისის შეთავაზება შეგვიძლია ჩვენი პაციენტისთვის”, - აღნიშნა მუსერიძემ.
GGRC-ი ერევანში ერთწლიან ოპერირებას აჯამებს - როგორია კლინიკის სამომავლო გეგმები?




























