მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთში მოსყიდვის ბრალდებით ოპოზიციური პარტიის კანდიდატები, მათ შორის, არსენ გევორგიანიც დააკავეს

არსენ გევორგიანი

სომხეთში ადგილობრივი არჩევნების წინ საგამოძიებო კომიტეტმა ქალაქ სტეფანავანში 14 პირი დააკავა. როგორც ირკვევა, დაკავებულთა შორის ოპოზიციური პარტია "ძლიერი სომხეთის" თემის ხელმძღვანელობის კანდიდატი არსენ გევორგიანიც არის.

გამოძიება ბრალდებულებს ამომრჩევლის მოსყიდვას, ქრთამის აღებასა და ამ პროცესში დახმარებას ედავება. უწყების მიერ გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერისა და განცხადების მიხედვით, კანდიდატებმა და პარტიის სახელით მოქმედმა პირებმა ხმების სანაცვლოდ რამდენიმე ათეულ მოქალაქეს ფული გადასცეს. ამას გარდა, გევორგიანი საკრებულოს წევრობის კანდიდატის დახმარებით კიდევ 30-მეტი ამომრჩევლის მოსყიდვას გეგმავდა, რისთვისაც თანხებს ანაწილებდა და სპეციალურ სიებს ადგენდა.

ოპოზიციური პარტიის დეპუტატმა, ანშანიკ გევორგიანმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა სტეფანავანში პარტიის მხარდამჭერების ჩხრეკა და დაკავება დილიდანვე დაიწყეს. დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლების ნაბიჯები სრულიად პროგნოზირებადი იყო, თუმცა მიმდინარე მოვლენები გონიერების ზღვარს უკვე გასცდა.

დეპუტატმა მომხდარს უკანონობა უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ხელისუფლების მიერ ნაჩვენები "დემოკრატიის" რეალურ სახეს ამტკიცებს.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს სომხეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ადგილობრივი არჩევნები იმართება, რომლის პირველი ეტაპიც 27 სექტემბერს უკვე ჩატარდა. კენჭისყრის მომდევნო რაუნდები 25 ოქტომბერსა და 13 დეკემბერს არის დაგეგმილი. საყურადღებოა, რომ საპარლამენტო ოპოზიციას თემების უმრავლესობაში კანდიდატები საერთოდ არ ჰყავს, სტეფანავანი კი ერთ-ერთი ის იშვიათი დასახლებაა, სადაც "ძლიერმა სომხეთმა" საკუთარი წარმომადგენელი დააყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები