ეკონომიკის სამინისტრომ სომხეთთან დამაკავშირებელი რუსთავი - სადახლოს მაგისტრალის მშენებლობისთვის ექსპროპრიაცია გამოაცხადა. ექსპროპრიაციის შესახებ მინისტრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და ის ძირითადად მარნეულის მუნიციპალიტეტში მიწების გამოსყიდვას ითვალისწინებს.
პროექტის თანახმად, ახალი მაგისტრალი 4-ზოლიანი იქნება და მისი სიგრძე 29.3 კილომეტრს შეადგენს. გზის მშენებლობა 250 მილიონი ევრო დაჯდება და ის ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) კრედიტით დაფინანსდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში BMG-ის განუცხადეს, რომ პროექტზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
"რაც შეეხება, რუსთავი - სადახლოს (ლოტი I-IV))“ (GTC/CS/QCBS-05) საავტომობილო გზის მონაკვეთების მშენებლობას, გაცნობებთ, რომ პროექტი (GTC II) განხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით, რისთვისაც გამოყოფილია სესხი 250 000 000 ევროს ოდენობით. ამ ეტაპზე მიმდინარებს აღნიშნული პროექტებისთვის საზედამხედველო კომპანიების შერჩევა-შეფასების სატენდერო პროცედურები. ზემოთხსენებული გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადება იგეგმება უახლოეს მომავალში,"- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის პასუხში.
ახალი მაგისტრალი ორ ლოტად არის დაყოფილი, მათ შორის პირველი ლოტია ალგეთი-არაფლოს 13-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალი, ხოლო მეორე არაფლო-სადახლის (სომხეთისსაზღვარი) 16.3-კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალი.
ახალი გზა პროექტის თანახმად, მეტწილად არსებული გზის პარალელურად გაივლის.