სომხეთი საქართველოს მეცხრე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა 24%-ით შემცირდა და 853.7 მლნ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს, სომხეთზე საქართველოს მთლიანი ექსპორტ-იმპორტის 3.6% მოდიოდა. სომხეთთან სავაჭრო ბალანსი დადებითია და საქართველო ამ მიმართულებით 2.6-ჯერ მეტს ყიდის, ვიდრე თავად ყიდულობს.
სომხეთში ექსპორტი
სომხეთი საექსპორტო პარტნიორებში მეხუთეა. გასულ წელს, 21.5%-იანი კლების შემდეგ, ექსპორტმა 617.5 მლნ დოლარი შეადგინა. მეზობელ ქვეყანას საქართველოს ექსპორტში 9.4%-იანი წილი აქვს.
TOP-5 საექსპორტო საქონელი შემდეგია:
- მსუბუქი ავტომობილები - $99.7 მლნ;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - $48 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $22.6 მლნ;
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - $22 მლნ;
- სატვირთო ავტომობილები - $14.7 მლნ.
იმპორტი სომხეთიდან
სომხეთი ვერ ხვდება უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორების ჩამონათვალში. გასულ წელს იმპორტი 236.2 მლნ დოლარი იყო, რაც ქვეყნის მთლიანი იმპორტის 1.4%-ია. იმპორტის მაჩვენებელი 30%-ით არის შემცირებული.
TOP-5 საიმპორტო საქონელი შემდეგია:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $68.9 მლნ;
- ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $24 მლნ;
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $21.6 მლნ;
- ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - $20.2 მლნ;
- მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - $16.6 მლნ.