მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნა EAGLE PARTNER 2025 ჩატარდება - მედია

სომხეთი

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიის ფარგლებში, სომხურ-ამერიკული საერთო სამხედრო წვრთნა, Eagle Partner 2025 სომხეთში, 12-20 აგვისტოს ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას მიიღებენ შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადების წევრები სომხეთიდან, აშშ-ის ევროპისა და აფრიკის არმიიდან და კანზასის შტატის ეროვნული გვარდიიდან.

მედიის ცნობით, საწვრთნელი პროგრამის მთავარი ფოკუსი სამშვიდობო ოპერაციებისთვის მომზადება და აღსრულება იქნება, განსაკუთრებული ყურადღება კი სამედიცინო საევაკუაციო პროცედურებს მიექცევა.

"წვრთნების მიზანია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე დანაყოფების თანამშრომლობის გაძლიერება, კონტროლისა და ტაქტიკური კომუნიკაციის საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა და სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო დანაყოფის მზადყოფნის გაუმჯობესება.

საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებისთვის მოსამზადებელი ქვედანაყოფები რეგულარულად მონაწილეობენ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მსგავს ერთობლივ სამხედრო წვრთნებში", - წერს სომხური მედია.

ცნობისთვის, გასული წლის ივლისში აშშ-მა განუსაზღვრელი ვადით გადადო საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სამხედრო სწავლება, რომელიც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი. მიზეზი აშშ-ის მიერ ორი ქვეყნის ურთიერთობების გადახედვა იყო. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს NATO-ს ეგიდით საქართველოში მრავალეროვნული საერთაშორისო წვრთნები, Agile Spirit 2025 ჩატარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები