ტერაბანკის აქციონერსა და ლუქსემბურგში დაფუძნებულ AGE S.A.-ს შორის "ტერაბანკის" აქციების შეძენის შესახებ შეთანხმება გაფორმდა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად "ტერაბანკი" ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ნასყიდობის შესახებ მოხდება ეროვნული ბანკისთვის მიმართვა და ცვლილება ოფიციალურად სებ-ის დასტურის შემდეგ აისახება.
"Arins Group სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფია და აერთიანებს საბანკო, სადაზღვევო და სხვა ფინანსური მომსახურებების მიმართულებებს. ჯგუფის ეკოსისტემაში შემავალ Ardshinbank-ის წილი ქვეყნის საბანკო სისტემის მთლიან აქტივებში 21%-ს შეადგენს და ძლიერი პოზიციები აქვს კორპორაციული, მცირე და საშუალო ბიზნესისა და საცალო საბანკო მომსახურებების მიმართულებით და მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს წამყვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის EBRD-სა და EIB Global-თან.
Ardshinbank ერთადერთი სომხური კომპანიაა, რომელსაც სამივე წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს — S&P Global-ის, Moody’s-ისა და Fitch-ის — რეიტინგი აქვს. ამასთან, ბანკის რეიტინგები სომხეთის სუვერენული რეიტინგის დონეზეა, რაც Ardshinbank-ის საერთაშორისო აღიარებას უსვამს ხაზს.
ტერაბანკში ინვესტიცია Arins Group-ის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის ნაწილია. საქართველო რეგიონული გაფართოებისთვის პრიორიტეტულ ბაზრად შეირჩა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დინამიკის, დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური სექტორის ძლიერი საზედამხედველო ჩარჩოს გათვალისწინებით.
ასეთი მასშტაბისა და გამოცდილების მქონე სტრატეგიული ინვესტორის შემოსვლა ტერაბანკის განვითარების ახალ ეტაპს ქმნის და ბანკის შემდგომი ზრდისთვის დამატებით შესაძლებლობებს აჩენს.
„ტერაბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბანკის ახალი ინვესტორი ძლიერი და გამოცდილი ფინანსური ჯგუფია, რომელსაც მრავალწლიანი საბანკო გამოცდილება, ფინანსური რესურსი და გრძელვადიანი განვითარების ხედვა აქვს. ჩვენს ამჟამინდელ აქციონერებთან ერთად შექმნილი მყარი საფუძვლებისა და თანმიმდევრული ზრდის გათვალისწინებით, ეს საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები ბაზარზე, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ქართულ ბიზნესს და მომხმარებლებს თანამედროვე და მრავალფეროვანი ფინანსური პროდუქტები და მომსახურებები შევთავაზოთ.“ — აცხადებენ "ტერაბანკში".
ტრანზაქციის დასრულება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საჭირო ნებართვების გაცემის შემდეგ იგეგმება.
„ტერაბანკი“ აქტივების მიხედვით, საქართველოს მეექვსე უმსხვილესი კომერციული ბანკია. 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, მისი მთლიანი აქტივები 2.27 მილიარდ ლარს შეადგენდა.
ბანკის საკრედიტო პორტფელის მოცულობა 1.72 მილიარდი ლარი იყო. 2026 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში „ტერაბანკმა“ 18 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.
ბანკის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, მისი 87%-ის მფლობელია არაბთა გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახის წევრი შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანი, 8%-ის მფლობელია შეიხი მოჰამედ ბუტი ალ ჰამედი; ხოლო 5%-ის მფლობელია "ინვესთმენთ თრეიდინგ გრუპი".
Ardshinbank-ის მთლიანი აქტივები 2025 წლის ბოლოს დაახლოებით 7.21 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2024 წლის 6.21 მილიარდ დოლართან შედარებით. შესაბამისად, აქტივები ერთ წელიწადში დაახლოებით 16%-ით გაიზარდა. ბანკის კაპიტალმა 2025 წლის ბოლოს 1.15 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის 870 მილიონ დოლართან შედარებით დაახლოებით 32%-იანი ზრდაა.
2025 წლის ბოლოს Ardshinbank-ის მთლიანი საკრედიტო პორტფელი დაახლოებით 3.99 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3.07 მილიარდი დოლარი იყო.
ბანკის დეპოზიტების და მომხმარებელთა სხვა ნაშთების მოცულობამ 2025 წლის ბოლოს დაახლოებით 4.53 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე - 3.96 მილიარდ დოლარზე - დაახლოებით 14%-ით მეტია.
2025 წელს Ardshinbank-ის წმინდა მოგებამ დაახლოებით 370.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 10 მილიონი დოლარით მეტი იყო.




























