სომხურმა Ardshinbank-მა HSBC Bank Armenia იყიდა. შესაბამისი შერწყმა სომხეთის კონკურენციის დაცვის კომისიამ უკვე დაადასტურა. ამის შესახებ BMG-ის ერევნის ბიურო იტყობინება.
როგორც კომისიის გადაწყვეტილების განმარტებაშია აღნიშნულია, ორი ბანკის შერწყმა არ შეამცირებს ბაზარზე კონკურენციას და არ დააზარალებს მომხმარებელთა ინტერესებს. გარიგების თანახმად, Ardshinbank-მა HSBC Bank-ის სომხეთის მიმართულების 100%-იანი წილი შეიძინა.
ცნობისთვის, HSBC Bank Armenia-ს ყიდვის სურვილის შესახებ Ardshinbank-მა მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში განაცხადა. მიზეზად კი Ardshinbank-მა პრემიუმ სეგმენტის მომხმარებელთა ბაზის გაფართოება და გუნდის გაძლიერება დაასახელა.
სომხეთის საფინანსო სექტორი HSBC-ის ქვეყნიდან გასვლაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. კერძოდ, სომხეთის ბანკების კავშირის პრეზიდენტის, დანიელ აზატიანის თქმით, HSBC ბოლო წლებში კაპიტალის უფრო მსხვილ ფინანსურ ცენტრებში რელოკაციის პოლიტიკას მიჰყვებოდა.
"ასეთი ცვლილებები ერთ კვირასა და ათ დღეში არ წყდება. ამ პროცესზე მსჯელობა მიდის დიდი ხნის განმავლობაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს გრძელვადიანი და კომპლექსური საკითხია“, - განაცხადა აზატიანმა ჯერ კიდევ 2024 წლის თებერვალში, როდესაც ამ მოსალოდნელი გარიგების შესახებ გახდა ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, HSBC Bank Armenia-ს აქტივების მოცულობა დაახლოებით 290 მილიარდი დრამი (752 მლნ დოლარი) იყო, ხოლო სასესხო პორტფელი - 185 მილიარდი დრამი (480 მლნ დოლარი), დეპოზიტების მოცულობა კი 200 მილიარდ დრამს (518 მლნ დოლარი) შეადგენდა.
რაც შეეხება Ardshinbank-ს, ადგილობრივი მედიის ცნობით, ის ყველაზე მოგებიანი ბანკია სომხეთში 2023 წლის მონაცემებით. მისი წმინდა მოგება გასულ წელს დაახლოებით 160 მლნ დოლარი იყო, 2022 წელსაც თითქმის იგივე - 159 მლნ დოლარი. ხოლო HSBC Bank Armenia მოგებიანობის თვალსაზრისით სომხეთში 2023 წელს მერვე ადგილზე იყო 25 მლნ დოლარის მოგებით.