მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს" - ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი და პატრიარქი

სომხური სამოციქულო ეკლესია საყოველთაო საგადასახადო დეკლარირების სისტემაში უნდა ჩაერთოს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

"სასულიერო პირები საყოველთაო საგადასახადო დეკლარირების სისტემის მიღმა ვერ დარჩებიან. დიდი ხანია ვამბობთ, რომ ეკლესიამ გადასახადები უნდა იხადოს.

ჩვენ მზად ვართ, შეგროვებული გადასახადის 100%, და კიდევ უფრო მეტიც, სოციალური გარანტიების სახით ეკლესიას უკან დავუბრუნოთ. რატომ არ თანხმდებიან ამას? იმიტომ, რომ მათ სურთ ჩრდილში მოქმედება, რათა არც ეკლესიისა და არც სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულნი არ იყვნენ", - აღნიშნა ფაშინიანმა სამშაბათს, თავისი პარტიის, "სამოქალაქო ხელშეკრულების" წინასაარჩევნო პლატფორმის წარდგენისას.

მისი თქმით, ეკლესიას არ სურს იყოს ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე.

"მაგრამ ეკლესია ხალხია, რადგან არცერთი კათალიკოსი არასოდეს ყოფილა ეკლესია", - დასძინა მან.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეკლესიამ "უარყო სულიერი ქადაგებები და პოლიტიკური ქადაგებებით არის დაკავებული".

"ჩვენი სიწმინდე, წმინდა ეჩმიაძინის დედა ტაძარი შეიბილწა და დაინფიცირდა. ხალხმა გადაწყვეტილება არჩევნებზე უნდა მიიღოს", - განაცხადა ფაშინიანმა.

მმართველმა პარტიამ "სამოქალაქო ხელშეკრულება" სრულიად სომეხთა კათალიკოსის შეცვლის საკითხი წინასაარჩევნო პლატფორმაში შეიტანა. ქვეყანაში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, ფაშინიანმა სრულიად სომეხთა კათალიკოსის, გარეგინ II-ის გადადგომა მოითხოვა, რომელსაც ის ეროვნული ინტერესების საფრთხედ მიიჩნევს. ცოტა ხნის წინ პრემიერმა განაცხადა, რომ კათალიკოსს სასულიერო წოდება ჩამოერთვა, მან პატრიარქის ტახტი მიიტაცა, დაარღვია უქორწინებლობის აღთქმა და საზოგადოებას უნდა აუხსნას, რატომ ჰყავს ცოლ-შვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები