მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სომხეთი ლიდერობს - კავკასიის ეკონომიკური ზრდის მიმოხილვა

630fcd3aae38f
ეგნატე შამუგია
01.09.22 13:00
3056
როგორც გლობალურად, ასევე კავკასიაში პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა. ჯერ კიდევ 2020 წელს გლობალური ეკონომიკა 3.4%-ით შემცირდა. სამხრეთ კავკასიის ეკონომიკის ვარდნა უფრო დიდი იყო და მინუს 5.3%-ს შეადგენდა, რაც მხოლოდ პანდემიას არ უკავშირდებოდა.

2020 წელს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა ოთხმაგი უარყოფითი შოკი მიიღეს, რაც ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნით დაიწყო. აღნიშნულს მალევე „დიდი ჩაკეტვა“ დაემატა, ხოლო უკვე წლის მეორე ნახევარში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის 45-დღიანი ომი მოხდა. მეოთხე შოკი - სომხეთსა და საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობა იყო, რაც ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა. ამდენად, ბოლო ორი წელი რეგიონისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რასაც მიმდინარე პერიოდიდან კიდევ უფრო მკვეთრი ნეგატიური შოკი - 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაემატა. აღნიშნულის ეკონომიკური შედეგები რეგიონისთვის საშუალო და გრძელვადიან პერიოდში საკმაოდ არასახარბიელოა.
 
კავკასიის ეკონომიკის აღდგენის პროცესი ჯერ კიდევ პანდემიის მეორე წლიდან დაიწყო. 2021 წელს სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა. შედეგად, ეკონომიკის მოცულობამ პანდემიამდე ნიშნულს 0.7%-ით გადააჭარბა. კავკასიის ეკონომიკის აღდგენა კი დიდწილად საქართველოს უკავშირდება, რადგან გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა, რაც პანდემიამდე, 2019 წელთან შედარებით 2.9%-იანი ზრდაა. სწორედ პანდემიამდე პერიოდთან შედარებაა მნიშვნელოვანი, რადგან ზრდაში საბაზო ეფექტი გამოირიცხოს.

საქართველო შემდეგ, 1.1%-იანი აღდგენის მაჩვენებლით აზერბაიჯანი გამოირჩეოდა, რომლის ეკონომიკა გასულ წელს 5.6%-ით გაიზარდა, მაგრამ 2020 წელს ყველაზე ნაკლებით, 4.3%-ით იყო შემცირებული. აღნიშნული პერიოდი განსაკუთრებით მძიმე სომხეთისთვის აღმოჩნდა, რადგან ეკონომიკა 7.4%-ით შემცირდა, ხოლო მომდევნო წელს მხოლოდ 5.8%-ით გაიზარდა. ამდენად, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, გასულ წელს სომხეთის რეალური ეკონომიკის მოცულობა 2.0%-ით ნაკლები იყო.

ფიგურა 1: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა წ/წ, თ/თ (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; მსოფლიო ბანკი; ავტორის გამოთვლები

2021 წელს საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტემპი უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ იყო პროგნოზირებული. ეკონომიკის აღდგენის ასეთი ტემპი მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. მარტში ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა, ხოლო აპრილში ზრდის მაჩვენებელმა 2.6% შეადგინა. აპრილში საბაზო ეფექტი უკვე სრულად გამორიცხულია, რადგან გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საბაზო ეფექტის გამო ეკონომიკა 44.8%-ით იყო გაზრდილი. ამავე წლის მაისში ზრდის მაჩვენებელი 25.8% იყო, რაც მიმდინარე წლის მე-5 თვეს 11.6%-ია. ივნისში საქართველოს ეკონომიკის 7.2%-ით გაიზარდა, რაც ივლისში 9.7%-ია. ხოლო, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.2%-ია, რაც გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში 12.2% იყო.

გასულ წელის აზერბაიჯანის რეალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე ნიშნულს 1.1%-ით აღემატებოდა. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანის რეალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე პერიოდს 7.7%-ით აღემატებოდა, რაც ჯერ კიდევ თებერვალში 3.3% იყო. აღნიშნული კი მარტში ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის და დაწესებული სანქციების გამო ნავთობზე ფასების გაიზარდა, ხოლო აზერბაიჯანის ეკონომიკაში ნავთობისა და გაზის ინდუსტრია დომინანტურია. მდგომარეობა აპრილშიც არ შეცვლილა, იანვარ-მაისში ეკონომიკის ზრდამ 7.2% შეადგინა, რაც 2021 წელის ანალოგიურ პერიოდში 0.8% იყო. მიმდინარე წლის პირველ აზერბაიჯანის ეკონომიკის ზრდა 6.2%-ია, რაც გასული წლის 7 თვის მაჩვენებელზე 3.5 პროცენტული პუნქტით აღემატება.

პანდემიის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენის კუთხით სომხეთში არასახარბიელო მდგომარეობა იყო. გარდა, პანდემიის გამო შეზღუდული ეკონომიკური აქტივობისა, სომხეთის შემთხვევაში დამატებით უარყოფითი გარემოება 45-დღიანი ომი იყო. აქედან გამომდინარე, 2021 წელს სომხეთის ეკონომიკის მოცულობა, პანდემიამდე ნიშნულს 2.0%-ით ჩამორჩებოდა. მიმდინარე წლის მარტში სომხეთის ეკონომიკის ზრდა 6.7% იყო, ხოლო პირველ კვარტლის ზრდის მაჩვენებელი კი - 9.6%, რაც პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც 7.4%-იანი ზრდა იყო. უკვე მაისიდან ეკონომიკის ზრდის ტემპი უფრო მაღალია, რადგან ამ პერიოდში ზრდამ 13.0% შეადგინა, რაც ივნისში 18.3%-ს აღწევდა. ივლისში სომხეთის ეკონომიკა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19.4%-ით გაიზარდა. ამდენად, მიმდინარე წლის 7 თვეში ზრდის მაჩვენებელი 13.1%-ს შეადგენს, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 5.0% იყო.

საერთო ჯამში, გასულ წელს საქართველოსა და აზერბაიჯანში ეკონომიკის აღდგენის ტემპი პოზიტიური იყო, რაც სომხეთის შემთხვევაში საკმაოდ არასახარბიელო. თუმცა, მიმდინარე წელი სამივე ქვეყნისთვის უკეთესად დაიწყო, რაც მალევე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და ფართომასშტაბიან ომმა ნაწილობრივ შეცვალა. მართალია, უარესის მოლოდინები არსებობდა, მაგრამ არსებული ზრდის მაჩვენებლები და საშუალოვადიანი პროგნოზები ოპტიმისტურია.

საერთაშორისო სავალუტო ფონის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, მაგრამ აღნიშნული საკმაოდ პესიმისტური სცენარის ნიშნულია, რადგან მიმდინარე ეტაპზე ზრდის ტენდენცია შედარებით მაღალია. ამდენად, ეროვნული ბანკის მიერ საპროგნოზო მაჩვენებელი 4.0%-დან 9.0%-მდე გაიზარდა. ჯერ კიდევ მარტში სომხეთის ცენტრალური ბანკი ეკონომიკის 1.6%-იან ზრდას ვარაუდობდა, რომელიც გადაიხედა და ამ ეტაპზე 4.9%-ითაა მოსალოდნელი. სავალუტო ფონდის პროგნოზი კი - 5.0%-ია. აზერბაიჯანში კი ეკონომიკის 3.8%-ითაა პროგნოზირებული, რაც ჯერ კიდევ აპრილის პროგნოზით 2.7% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები