“ყველა ის გამოწვევა, რომელიც შესაძლოა ატმის და ვაშლატამას ექსპორტთან დაკავშირებით დამდგარიყო, დაძლეულია.” - ასე პასუხობს “საქმიანი დილას” შეკითხვას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი იმასთან დაკავშირებით, ემუქრება თუ არა რუსეთის საექსპორტო ბაზარზე ქართულ ატამს და ვაშლატამას შეფერხება.
“სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილია შტაბი, რომელიც აქტიურად მუშაობს. შესაბამისად, ყველა ის გამოწვევა, რომელიც ატმის და ვაშლატამას ექსპორტთან დაკავშირებით შეიძლება დამდგარიყო, ფაქტობრივად გადაჭრილია და ექსპორტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. სიგნალები იყო, რომ ექსპორტს შესაძლოა შეფერება ჰქონოდა, თუმცა არანაირი მსგავსი საფრთხე არ არსებობს.
ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, მათი შრომით მოყვანილი პროდუქცია მაქსიმალურად დაბინავებული იყოს. სამაცივრე მეურნეობების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. 40-მდე სამაცივრე მეურნეობაა შემქნილი", - განმარტა სონღულაშვილმა.
2021 წლის 1 მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 1,636 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს 18-ჯერ აღემატება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე 1, 433 ათასი დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამა გავიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს თანხა 73 ათასი დოლარი იყო. მიუხედავად ამ პოზიტიურად დაწყებული ვაჭრობის შედეგებისა, ბოლო დღეებში ქართველი ექსპორტიორები ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც განისაზღვრება პროდუქციაზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რაოდენობა, ასევე ცვლილებები გულისხმობს საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ევრაზიული კავშირის წევრები. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ დღეიდან რუსეთს აქვს კანონში გაწერილი უფლება, რომ ლაბოლატორიულად შეამოწმოს პროდუქცია და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გაანადგუროს, უკან გააბრუნოს ან დაუშვას მის ბაზარზე.




























