მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Sony PlayStation 6-ის გამოშვება 2029 წლამდე გადავადდება?

PS6

ანალიტიკოსების უახლესი პროგნოზით, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ Sony-მ ახალი თაობის სათამაშო კონსოლი, PlayStation 6 არა 2027 წელს, არამედ 2028-29 წელს გამოუშვას.

MST Financial-ის ინფორმაციით, რომელიც შიდა წყაროებს ეყრდნობა, კომპანია ამჟამად ორიენტირებულია PlayStation 5-ის სასიცოცხლო ციკლის მაქსიმალურ გახანგრძლივებაზე, რაც მომავალი კონსოლის გამოსვლის თარიღს სავარაუდოდ 2028-2029 წლამდე გადასწევს.

Sony-ს სტრატეგიული გეგმების ცვლილება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. პირველ რიგში, კომპანია ცდილობს PS5-ის გაყიდვების პოტენციალი ბოლომდე აითვისოს, რადგან კონსოლი დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას. გარდა ამისა, ინდუსტრიაში საწარმოო ხარჯებისა და კომპონენტების ფასების ზრდა Sony-ს აიძულებს, არსებული თაობის კონსოლები უფრო დიდხანს შეინარჩუნოს ბაზარზე, რათა ინვესტიციების ამოღება სათანადოდ მოხერხდეს. მოგეხსენებათ, პანდემიის, მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვისა და კომპონენტების დეფიციტის გამო, PS5-ის წარმოება იმაზე ძვირი დაჯდა, ვიდრე იაპონური კომპანია მოელოდა, გაზრდილი დანახარჯის ამოღების საუკეთესო გზა კი PS5-ის გაყიდვების გახანგრძლივებაა.

Sony-ს ფინანსური დირექტორის, ლინ ტაოს ბოლო განცხადებით, PS5 თავისი სასიცოცხლო ციკლის მხოლოდ შუა ეტაპზეა, რაც კიდევ უფრო ამყარებს 2028-2029 წლის პროგნოზს.

თუ ეს პროგნოზი გამართლება, PS5-ის ერა მინიმუმ 9 წელი გაგრძელდება, რაც კონსოლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ციკლი იქნება, რაც PS5-ის მომხმარებლებისთვის სასიხარულო ამბავია, თუმცა PS6-ის მომლოდინეთათვის იმედგაცრუებას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები