მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Soplidan.ge: ეპიდემიის გავრცელების შემდეგ გაყიდვების მასშტაბი 10-ჯერ გაიზარდა

5eb02d6ccff2c
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.20 23:00
1576
ეპიდემიის გავრცელების შემდეგ გაყიდვების მასშტაბი 10-ჯერ გაიზარდა, - ამის შესახებ BM.GE-ს აგრო-სასურსათო პროდუქტის ონლაინ გაყიდვების ვებგვერდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნათია ნინიკელაშვილმა განუცხადა.

ბიზნესის წარმოებაზე საუბრისას, ნათია ნინიკელაშვილი აღნიშნავს, რომ COVID-19-მა მათზე როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად იმოქმედა, თუმცა მათ სწრაფად შეძლეს არსებულ რეალობას მორგებოდნენ და იმ გამოწვევებისთვის ეპასუხათ, რაც მათ ვირუსმა შეუქმნათ. კომპანიის დამფუძნებელი მიიჩნევს რომ ეს მათთვის კარგი გამოცდილება იყო, რომელიც შემდგომში ბიზნესის წარმოებაში დაეხმარებათ.

„კორონავირუსის გავრცელებით შემქნილმა მდგომარეობამ ჩვენს კომპანიაზე ძალიან იმოქმედა. პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ მას შემდეგ რაც ჩაიკეტა სატრანსპორტო გადაადგილება და ონლაინ მომსახურების განხორციელებასაც ყველა კომპანია ვერ ახერხებდა, ჩვენი გაყიდვები 10-ჯერ გაიზარდა. მეორე მხრივ - გადაადგილების შეზღუდვამ აგრო-სასურსათო პროდუქტის მოწოდება გაართულა. თუმცა გრძელვადიანმა ურთიერთობებმა მოგვცა საშუალება, რომ დაგველაგებინა ეს მდგომარეობა - ზოგს ფოსტით გამოეგზავნა პროდუქტი, ზოგს ჩვენ შევხვედროდით და ასე დავძლიეთ ეს გამოწვევა. ამ პერიოდში პროდუქტების ასორტიმენტიც შეგვიმცირდა, მაგრამ მოვახერხეთ და სხვა ფერმერები, რომლებიც მზად იყვნენ ეს პროდუქტები ჩაენაცვლებინათ, მათ ხარჯზე გავიტანეთ თავი.

ახლა, როდესაც მდგომარეობა ცოტა დამშვიდდა, შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ შევძელით გაზრდილ მოთხოვნაზე პასუხის გაცემა. ამასთან შევინარჩუნეთ ხარისხი. რა თქმა უნდა, შეუცდომელი არავინაა და ასეთ გარემოში შესაძლოა ტექნიკური ხასიათის შეცდომებიც დაგვეშვა, მაგრამ ამას ჩვენ ვუყურებთ როგორც გამოცდილებას და შევძელით საკუთარი რესურსების შეფასება. ამის შემდეგ თუ იმ ნიშნულზე არ გაჩერდა გაყიდვები, როგორც ახლაა ჩვენ შეგვიძლია ვიმუშავოთ რომ შევინარჩუნოთ ეს მასშტაბები“, - ამბობს ნათია ნინიკელაშვილი.

Soplidan.ge-ის დამფუძნებელი იმ ცვლილებებსა და დათმობებზეც საუბრობს, რომლის გაკეთებაც მოუწიათ ამ რთულ პერიოდში.

„პირველივე დღეებიდან, როდესაც ეს პროცესები დაიწყო, ჩვენ მიტანის სერვისი უფასო გავხადეთ. თუ მანამდე ქალაქის მასშტაბით 3 ლარი იყო და გარეუბნებში 8 ლარი, დღემდე მიტანას უფასოდ ვახორციელებთ.

ასევე შევცვალეთ ანგარიშსწორების ფორმაც და ყველა შესაძლო ვარიანტიდან მხოლოდ ონლაინ ანგარიშსწორება დავტოვეთ იმისთვის, რომ ჩვენი კურიერებისთვის და მომხმარებლისთვის უსაფრთხო გარემო შეგვექმნა. გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, ჩვენი თანამშრომლების რაოდენობაც გაორმაგდა - ამ პერიოდში 9 თანამშრომელი დავასაქმეთ, რითიც დასაქმებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.

ამასთან გავამკაცრეთ უსაფრთხოების ნორმებიც, რაღა თქმა უნდა რეკომენდაციებისა და სტანდარტების შესაბამისად“, - უთხრა BM.GE-ის ონლაინ მაღაზიის დამფუძნებელმა.

კითხვაზე, რამდენად გაიზარდა კომპანიის ხარჯები და ხომ არ იქონია ამან გავლენა პროდუქტის ფასზე, ნათია ნინიკელაშვილი ამბობს, რომ ხარჯების გაზრდის მიუხედავად, მათ პარტნიორებთან თანამშრომლობით შეძლეს, რომ პროდუქტზე ფასები შეენარჩუნებინათ.

მისივე თქმით, თუ მანამდე აგრო-სასურსათო პროდუქტის ონლაინ მაღაზია 400-მდე ფერმერთან და მეწარმესთან თანამშრომლობდა, დღეს მათი რაოდენობა მიუხედავად შეზღუდვების გავლენისა, 500-მდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები