პროექტის - ,,ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" - ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია “SOS ბავშვთა სოფელი” თბილისში დასაქმების ფორუმს 19 ივნისს ჩაატარებს. ფორუმის მთავარი მიზანიც მოწყვლადი ახალგაზრდების მხარდაჭერაა, ჩაერთონ საზოგადოებრივ პროექტებსა და შრომით ბაზარში - ფორუმის შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში პროექტის ხელმძღვანელი, ნინო ნუცუბიძე საუბრობს.
იგი განმარტავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობით, მიზნად ისახავს, ერთგვარად უშუამდგომლოს დიდ თუ მცირე ბიზნესებთან იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც დასაქმებისთვის გარკვეული პირობების შექმნა ან სხვა ტიპის დახმარება სჭირდებათ.
“ჩვენი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის როლია, დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს, ახალგაზრდებს, დაიჯერონ, რომ მათ ეს შეუძლიათ, ირწმუნონ საკუთარი თავის და გადადგან პირველი ნაბიჯები. მეორე მხრივ, ჯერი სექტორზე მოდის, რომელმაც ასეთი ახალგაზრდა უნდა მიიღოს მაშინაც კი, თუ მას დასაწყისში დასაქმების განსაკუთრებული პირობის შექმნა სჭირდება.
მაგალითად, არის ასეთი გოგონა, რომელიც მხოლოდ ღამის ცვლაში მუშაობს, იმისთვის, რომ დღე შვილს მიხედოს. დღე რომ იმუშაოს, შვილზე სათანადო ზრუნვას ვეღარ შეძლებს. ჩემი მისიაც ესაა, ვთხოვო ბიზნესსექტორს, როგორც მცირე, ისე დიდ კომპანიებს, რომ ამ ახალგაზრდებს გაუზიარონ თავიანთი კომპეტენცია, პროფესიონალიზმი და გამოცდილება და მივცეთ შესაძლებლობა, გადადგან პირველი ნაბიჯები”, - განმარტავს ნინო ნუცუბიძე.
მისი თქმით, დასაქმების ფორუმზე ახალგაზრდებთან შეხვედრაზე თანხმობა 23-მა მსხვილმა კომპანიამ უკვე განაცხადა, თუმცა არსებობს რესურსი, რომ მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
“დასაქმების ფორუმის მთავარი ამოცანაა, ახალგაზრდამ ირწმუნოს, რომ მას ბიზნესთან პირისპირ დალაპარაკების შესაძლებლობა აქვს. თუნდაც პროფესიული თვითგამორკვევისა და ინტერესთა გამდიდრება-განვითარების მიზნით.
ფორუმზე ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, თავიანთი მომზადებული CV-ით, ამ სივრცეში წარმოდგენილ ნებისმიერ კომპანიას პირისპირ დაელაპარაკოს. მოხარული ვარ, რომ 23-მა დიდმა კომპანიამ უკვე თანხმობა განაცხადა ამ ფორმატზე”, - ამბობს ნინო ნუცუბიძე.
აღნიშნულ კომპანიათაგან ერთ-ერთი “დიოა”, რომლის დამფუძნებელი თამაზ დაუშვილი “საქმიანი დილას” ეთერში აღნიშნავს, რომ კომპანიას ორგანიზაცია “SOS ბავშვთა სოფელთან” თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვს და “დიო” მზად არის, ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობების შექმნა განაგრძოს.
“ჩვენთვის ძალიან ახლობელია ის თემა, რასაც ფორუმი ეხება. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდებათ. ასევე, კარგი გამოცდილება გვაქვს “ბავშვთა სოფელთან”. საუბარია დიდი ხნის კავშირზე. მათი პირველი პროექტი ბავშვებისთვის თავშესაფრის პოვნა, მათთვის ოჯახური გარემოს მიცემა იყო, საბოლოო მიზანი კი იყო ის, რომ ეს ბავშვები დასაქმებულიყვნენ 18 წლის ასაკში.
ერთ-ერთი ასეთი ბენეფიციარი ჩვენს კომპანიაში 20 წლის წინ მოვიდა და დღემდე ჩვენი გუნდის წევრია. არის შემდგარი ადამიანი, აქვს საკუთარი ბინა და დასაქმებულია - ასეთი მაგალითები არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია”, - ამბობს თამაზ დაუშვილი.
BMG-ის ეთერით ბიზნესმენი კომპანიებს მოუწოდებს, სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით უფრო გააქტიურდნენ.
“ჩვენ ვგრძნობთ, რამდენად მოტივირებულები არიან ეს ახალგაზრდები, რომ დასაქმდნენ. ორგანიზაციამ ფორუმის მომზადებისთვის დიდი რესურსი გაიღო და მინდა მოვუწოდო ყველა ბიზნესს, რომ უფრო მეტად აქტიურები გახდნენ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. თუმცა ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი კომპანია ფართოდ უღებს კარს სხვადასხვა საჭიროების თუ პრობლემების მქონე ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს”, - ამბობს “დიოს” დამფუძნებელი.
დასაქმების ფორუმი თბილისში 19 ივნისს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.