მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ნათენაძის ქართული ღვინის ბარი ლონდონში - შედეგები და გეგმები

60ad44afafc8e
თამთა ჯიჯავაძე
26.05.21 00:10
1008
ლონდონში მდებარე Merton Café & Wine Bar-ის კარი ქართული ღვინის მოყვარულებისთვის კვლავ გაიხსნა. ბრიტანეთში მცხოვრებმა მეწარმემ, სოსო ნათენაძემ 30 ადამიანზე გათვლილი ქართული ღვინის ბარი ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე აამოქმედა და მომხმარებლების საკმაოდ დიდი რაოდენობაც მოაგროვა, თუმცა პანდემიის წელს დახურვა მოუწია, ისევე როგორც სხვა კვების ობიექტებს.

მიუხედავად ამისა, როგორც ნათენაძე Forbes Georgia-სთან საუბრისას ამბობს, გაყიდვები არ შეწყვეტილა, ვინაიდან ქართულ ალკოჰოლურ სასმელს ლოქდაუნისას ონლაინ ყიდდნენ.

„პირველი ლოქდაუნის დროს ონლაინგაყიდვები 100%-ით გაიზარდა, რა დროსაც მთელი ჩვენი ღვინის მარაგი გავყიდეთ. მეორე ლოქდაუნის დროს შედარებით შემცირდა გაყიდვების მოცულობა, ალბათ იმის გამო, რომ მეორე ლოქდაუნი შედარებით მსუბუქი იყო და ხალხმაც ისწავლა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ შექმნილ ვითარებაში. თუმცა, საერთო ჯამში 2020 წელი მოგებით დავასრულეთ“, – აღნიშნა სოსო ნათენაძემ.

როგორც მეწარმემ განაცხადა, თუ მორიგი ლოქდაუნის საჭიროება აღარ იქნება ქვეყანაში, მისი მოლოდინი პოზიტიურია. უფრო მეტიც, ქართველი ბიზნესმენი აპირებს, ქართული ღვინის კიდევ ერთი ბარი შემატოს ბრიტანეთის დედაქალაქს. „ვნახავთ, წლის ბოლომდე როგორი სიტუაცია იქნება და შემდეგ ვაპირებთ კიდევ ერთი ბარის გახსნას ლონდონში. ქართული ღვინო ამ ქალაქში უფრო ცნობილია, ვიდრე ბრიტანეთის სხვა ქალაქებში“, – ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ლოქდაუნების შემდეგ ხელახლა გახსნილ ბარში იმაზე მეტი მომხმარებელი მივიდა, ვიდრე ელოდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქართულ ღვინოზე მოთხოვნა არის.

ნათენაძის ბარში ღვინის ფართო ასორტიმენტია. ქართველი ბიზნესმენის თქმით, მომხმარებლებს სხვადასხვა სახეობის ღვინო მოსწონთ. განსაკუთრებით პოპულარული კი მისი ძმის, ცნობილი მეღვინის და „ნათენაძის მარნის“ დამფუძნებლის, გიორგი ნათენაძის ღვინოებია.

„ჩვენს ბარში ყველასგან გამორჩეულ ღვინოს ვიღებთ, კონკრეტულად ერთი მიმწოდებელი არ გვყავს. გვაქვს ქვევრის ღვინოებიც. ბრიტანეთში არ არის მარტივი ბიზნესის დაწყება. მანამდეც ამ სფეროში ვიყავი, თუმცა მაინც უფრო მეტად ონლაინგაყიდვებზე ვმუშაობდი. ღვინის ფესტივალებისა და გამოფენების წყალობით უფრო მეტად გავეცანი ღვინის ბიზნესს“, – განაცხადა მან Forbes Georgia-სთან საუბრისას.

Merton Café & Wine Bar-ის მომხმარებლების დიდი ნაწილი ბრიტანელები არიან, თუმცა სოსო ნათენაძე ამბობს, რომ საკმაოდ ბევრია უკრაინელი და რუსი მომხმარებელიც. ამასთან, მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბრიტანელებს შორის ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა საკმაოდ გაზრდილია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სასურველია, ქართული ღვინო.კიდევ უფრო მეტად პოპულარული გახდეს.

„საჭიროა უფრო მეტი აქტიურობა საქართველოს საელჩოს მხრიდან, ასევე უფრო მეტი ინვესტიცია უნდა გაკეთდეს მარკეტინგში, ღვინის ფესტივალებზე უნდა იყოს მეტი აქტიურობა, კარგი იქნება ასევე გადაცემები ქართული ღვინის შესახებ და ა.შ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო პოპულარულს გახდის ქართულ ღვინოს ბრიტანეთში“, – ამბობს ლონდონში მცხოვრები ქართველი მეწარმე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები