Sotheby’s აუქციონზე 14 ივლისს ნიუ-იორკში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად შეფასებული დინოზავრის ჩონჩხი - დაახლოებით 67 მილიონი წლის ტირანოზავრი რექსი (Tyrannosaurus rex), სახელად „გასი“ გაიყიდება. ლოტის სავარაუდო ღირებულება 20-30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
„გასი“ დღემდე აღმოჩენილ ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ყველაზე სრულად შემონახულ ტირანოზავრ რექსის ნიმუშად ითვლება. ჩონჩხი 183 ძვლისგან შედგება, მათ შორის კარგად შემონახულია თავის ქალა, ტერფები და მხრის ძვლების კომპლექტი. მეცნიერებმა თავდაპირველი ჩონჩხის დაახლოებით 63%-ის აღდგენა მოახერხეს, რაც საკმაოდ იშვიათია.

ნამარხი სამხრეთ დაკოტის შტატის ჰარდინგის ოლქში, ფერმერ გარი „გას“ ლიკინგის მიწაზე იქნა აღმოჩენილი. წლების განმავლობაში ლიკინგი ამ ტერიტორიაზე პერიოდულად ძვლებისა და კბილების ფრაგმენტებს პოულობდა, რამაც მისცა მას საფუძველი ევარაუდა, რომ მიწაში რაღაც უფრო ფასეული იმალებოდა, ამიტომაც მან პალეონტოლოგიური კომპანია Theropoda Expeditions მოიწვია გათხრების საწარმოებლად. სრულმასშტაბიანი გათხრები სამი ზაფხულის განმავლობაში — 2021-2023 წლებში — მიმდინარეობდა.
დინოზავრს სახელი "გასი" ლიკინგის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც გათხრების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. აღდგენითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ჩონჩხის სიგრძე დაახლოებით 11,5 მეტრია, ხოლო სიმაღლე - 3,8 მეტრი.
Sotheby’s-ის ვიცე-თავმჯდომარის, კასანდრა ჰატონის, განცხადებით, ასეთი ხარისხისა და სრულყოფილების ნიმუშები ბაზარზე „თაობაში ერთხელ“ ჩნდება. მისი თქმით, ნამარხებით დღეს მხოლოდ ამერიკული მუზეუმები და კოლექციონერები კი არა, საერთაშორისო ფონდები და კერძო მფლობელებიც ინტერესდებიან, რომლებიც საკუთარ საგამოფენო სივრცეებს ქმნიან.
აუქციონის დაწყებამდე „გასი“ უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება, სადაც მისი დათვალიერება 2026 წლის 1-დან 14 ივლისამდე იქნება შესაძლებელი.

ამჟამად აუქციონზე გაყიდული დინოზავრის ნამარხის ფასის მსოფლიო რეკორდს სტეგოსაურუსის ჩონჩხი "აპექსი" ფლობს, რომელიც 2024 წელს Sotheby’s-ის აუქციონზე 44 მილიონ დოლარად გაიყიდა.




























