ავტორი: სალომე ზაალიშვილი
100 კილოგრამზე მეტი ოქროსგან ჩამოსხმული უნიტაზი, რომელიც სრულიად ფუნქციონირებს, აუქციონზე 18 ნოემბერს გაიყიდება. იტალიელი კონცეპტუალური ხელოვანის, მაურიციო კატელანის, ნამუშევრის საწყისი ფასი 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც სკულპტურის შესაქმნელად გამოყენებული ოქროს დღევანდელი საბაზრო ღირებულებაა.
სკულპტურა სახელწოდებით “ამერიკა”, უდავოდ არაორდინარული ხელოვნების ნიმუში, 8 ნოემბრიდან დამონტაჟებული იქნება Sotheby’s-ის ახალ სათავო ოფისში ნიუ იორკში და ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ის მოინახულონ.
“ამერიკის” ტყუპის ცალი ნიუ იორკში გუგენჰაიმის მუზეუმში იყო დამონტაჟებული, სადაც ერთი წლის განმავლობაში 100 000 ვიზიტორს საშუალება ჰქონდა ის არა მარტო დაეთვალიერებინა არამედ გამოეყენებინა კიდევაც.2019 წელს სკულპტურა ბრიტანეთში, ბლენჰაიმის სასახლეში გადაიტანეს, სადაც დამონტაჟებიდან 2 დღეში ის ორმა ქურდმა მოიპარა. ძარცვის ფაქტზე ორი პირი მიმდინარე წლის მარტში დააკავეს, თუმცა პოლიციის ცნობით უნიტაზი აღმოჩენილი ვერ იქნა.
მაურიციო კატელანი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული ხელოვანია ჩვენს თანამედროვეობაში, მისი ნამუშევრები ერთგვარი გამოწვევაა ხელოვნების ინსტიტუციების და თანამედროვე ღირებულებების წინააღმდეგ. იგი ნამუშევრებით ხშირად დასცინის ხელოვნების ბაზრის აბსურდულ ასპექტებს და მის მდიდარ კლიენტურას.

მაურიციო კატელანი, "ის" (Him)
კატელანის ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარია Sotheby’s-ის აუქციონზე 2016 წელს 17.2 მილიონ აშშ დოლარად გაყიდული დაჩოქილი ჰიტლერის ქანდაკება სახელწოდებით “ის”, 2024 წელს კი მისი ნამუშევარი “კომიკოსი”, სკოჩით კედელზე მიკრული ბანანი 5.2 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ახალმა მეპატრონემ ბანანი აუქციონის მოგების შემდეგ მიირთვა.

კრიპტო ინვესტორი ჯასტინ სანი თავის $5.2 მილიონიან ბანანს მიირთმევს




























